ადგილობრივი ამანათი

ნაწილი I. ზოგადი დებულებები

 

1.     გამოყენების სფერო

1.1   წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია შპს „საქართველოს ფოსტის“ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ ადგილობრივი ამანათების მიღების, დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების პირობები, პროცედურა, სამომხმარებლო ინსტრუქცია, ამ პროცესში მონაწილე მხარეებისა და თანამშრომლების ფუნქციები და მოვალეობები.

1.2   აღნიშნული დოკუმენტი განკუთვნილია კომპანიის შიდა მოხმარებისათვის და მისი ცოდნა და შესრულება სავალდებულოა კომპანიის ყველა იმ სტრუქტურული ერთეულისა ან/და თანამშრომელისათვის, რომელიც ამ პროცედურაში აღნიშნულ საქმიანობას ასრულებს.

2.     ტერმინთა განმარტებ

 

2.1   ამანათი -  საფოსტო გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი (საქონელი), თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებსა და შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილ წესებს.

2.2   ადგილობრივი ამანათი - ამანათი, რომლის გაგზავნაც და ადრესატისთვის ჩაბარებაც ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

2.3   ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი - ადგილობრივი ამანათის სახეობა, რომელიც შპს „საქართველოს ფოსტისთვის“ გადაცემისას რეგისტრირდება ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში და ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, ხოლო ადრესატს ბარდება ხელმოწერით.

2.4   სასჯელაღსრულების ამანათი - ადგილობრივი ამანათის სახეობა, რომელიც განკუთვნილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის (ადრესატისთვის). მისი შიგთავსი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთებისგან.

2.5   ადგილობრივი დაზღვეული (ფასგამოცხადებული) ამანათი - ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული დაზღვევის (ფასგამოცხადების) თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. ფასგამოცხადების თანხა არ შეიძლება იყოს 5 000 ლარზე მეტი.

2.6   მომხმარებელი - გამგზავნი ან/და ადრესატი ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

2.7   გამგზავნი - პირი, რომლის სახელითაც იგზავნება გზავნილი, პასუხისმგებელია მის შიგთავსზე და უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის მიმართ პირვანდელი დავალების შეცვლა (გზავნილის უკან დაბრუნება, გადამისამართება და ა.შ.).

2.8   გზავნილის წარმომდგენი - პირი, რომელიც გამგზავნის სახელით დამისამართებულ გზავნილს წარუდგენს შპს „საქართველოს ფოსტას“ გასაგზავნად.

2.9   ადრესატი - პირი, რომლისთვისაც დამისამართებულია საფოსტო გზავნილი, აგრეთვე ადრესატის სახელით გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი.

2.10           ფიზიკური პირი - პირი, თუ ის ადგილობრივი ამანათის გაგზავნას ახორციელებს არასამეწარმეო საქმიანობისათვის და მას დადებული არ აქვს ხელშეკრულება შპს „საქართველოს ფოსტასთან“.

2.11           იურიდიული პირი -  ნებისმიერი სამართლებრივი წარმონაქმნი, მათ შორის, ინდივიდუალური  მეწარმე, თუ ის ადგილობრივი ამანათის გაგზავნას ახორციელებს ამ სტატუსით.

2.12           კორპორატიული მომხმარებელი - პირი, რომელთანაც შპს „საქართველოს ფოსტას“ დადებული აქვს ხელშეკრულება.

2.13           ადმინისტრაციული ერთეული - შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ, საკუთარი საქმიანობის ოპერირების მიზნით, საქართველოს ტერიტორიის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) პირობითი დაყოფის შედეგად შექმნილი ერთეულები. ამასთან, თითოეული ერთეული შესაძლებელია აერთიანებდეს როგორც მხოლოდ ქალაქს, ასევე ქალაქსა და სხვა ტიპის დასახლებას ერთობლივად.

2.14           სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული - მესტიის, სტეფანწმინდის, დუშეთის, თიანეთის, ცაგერის, ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულები.

 

ნაწილი II. ადგილობრივი ამანათის პირობები

3. ადგილობრივი ამანათის ძირითადი მახასიათებლები

3.1. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის ძირითადი მახასიათებლებია:

3.1.1. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის მაქსიმალური წონაა - 20 კგ.

3.1.2. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის ზომა განისაზღვრება შემდეგნაირად - 105სმX105სმX105სმ (ან 200სმ - სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით). მაგალითად: თუ ნივთის სიგრძე 1.10 მ-ია, მისი გაგზავნა დაშვებულია, თუ აღნიშნული სიგრძის და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამი არ აღემატება 2მ-ს (იხ. სურათი 1).

 

სურათი1

 

3.1. 3. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის როგორც გამგზავნი, ასევე ადრესატი შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ასევე კორპორატიული მომხმარებელი.

3.1.4. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის გაგზავნა ხორციელდება შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრიდან. ამასთან, თუ გამგზავნს კორპორატიული მომხმარებელი წარმოადგენს, მას საშუალება აქვს ამანათის გაგზავნა მოახდინოს კურიერის გამოძახების საშუალებით.

3.1.5. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის გაგზავნა შესაძლებელია შემდეგი პირობით:

Ø  სტანდარტული (გასატანი);

Ø  „მოკითხვამდე“;

Ø  „ადრესატის მისამართზე“ .

3.1.6. თუ ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი იგზავნება სტანდარტული (გასატანი) პირობით, ამასთან, თუ გამგზავნის მიერ ამანათის გაგზავნისას მიეთითება ადრესატის მობილური ტელეფონის ნომერი, ასეთი ამანათის ადრესატის მისამართის მომსახურე სერვისცენტრში მიღების შემდეგ, შპს „საქართველოს ფოსტა“ ადრესატის მობილურ ტელეფონზე აგზავნის SMS შეტყობინებას. ასეთი შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად შეუძლია ადრესატს ამანათის მიღება. თუ გამგზავნის მიერ არ არის მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი, ადრესატის ინფორმირება ხორციელდება მის მისამართზე შეტყობინების დატოვების გზით. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი, რომელზეც გაგზავნილია შეტყობინება, ინახება ადრესატის მისამართის მომსახურე სერვისცენტრში, ასეთი გზავნილის შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადაში ადრესატს,  მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან  მესამე პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამანათის კოდს,  უფლება აქვს გაიტანოს ამანათი სერვისცენტრიდან.

3.1.7.  თუ ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი იგზავნება „მოკითხვამდე“ პირობით,   ადრესატს რაიმე ტიპის შეტყობინება მის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ არ გაეგზავნება. ასეთი ამანათი შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ მისი მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით შეინახება სერვისცენტრში. ამ ვადის განმავლობაში, ადრესატს,  მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან მესამე პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, უფლება აქვს გაიტანოს ამანათი სერვისცენტრიდან.

3.1.8. თუ ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი იგზავნება „ადრესატის მისამართზე“ პირობით, მისი ჩაბარების მიზნით კურიერი ადრესატის მითითებულ მისამართზე განახორციელებს ერთჯერად ვიზიტს და ადგილობრივ რეგისტრირებულ ამანათს ჩააბარებს ამ მისამართზე მყოფ სრულწლოვან პირს, რომელიც განაცხადებს, რომ ცხოვრობს/მუშაობს ადრესატთან ერთად. თუ ვიზიტის განხორციელებისას კურიერს არავინ დახვდება მისამართზე, ის დატოვებს შეტყობინებას, რითიც მოხდება ადრესატის გაფრთხილება მის სახელზე ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის არსებობის შესახებ. ასეთი ამანათი შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ მისი მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით შეინახება სერვისცენტრში. ამ ვადის განმავლობაში, ადრესატს, მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან მესამე პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, უფლება აქვს გაიტანოს ამანათი სერვისცენტრიდან.

3.1.9.ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის ჩაბარება ხორციელდება გზავნილის მიღების დასტურად სათანადო წესით განხორციელებული ხელმოწერის შემდეგ.

3.1.10. ჩაუბარებელი ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი, რომელსაც გაუვა 3.1.6., 3.1.7. და 3.1.8 პუნქტებით განსაზღვრული შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან, გამგზავნისთვის ჩაბარების მიზნით.

3.1.11. გამგზავნისთვის ამანათის უკან ჩაბარების მიზნით, მისთვის შეტყობინების გაგზავნა წარმოებს ამანათის ადრესატისათვის ჩაბარების (შეტყობინების გაგზავნის) ვადების შესაბამისად (იხ. მე-4 პუნქტი), ამასთანავე:  

ა) თუ ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის გაგზავნისას, გამგზავნის მიერ განხორციელდა საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის მითითება, აღნიშნულ ნომერზე განხორციელდება SMS შეტყობინების გაგზავნა, რითაც ეცნობება გამგზავნს მის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ;

ბ) თუ ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის გაგზავნისას, გამგზავნის მიერ არ განხორციელდება საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის მითითება, არსებული წესის შესაბამისად  გამგზავნის მისამართზე კურიერის მიერ მოხდება შეტყობინების დატოვება მის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ, ხოლო  გზავნილი ჩაბარდება „გასატანის“ პირობით. 

3.1.12. გამგზავნს უფლება აქვს უკან დაბრუნებული ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი ჩაიბაროს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ამანათის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, იგი გადაეცემა შპს „საქართველოს ფოსტის“ არქივს, დადგენილი ვადით შესანახად. ამასთან:

ა)   თუ უკან დაბრუნებული  ამანათის შიგთავსი წარმოადგენს მალფუჭებად საქონელს, გამგზავნი 10 (ათი) დღის ვადაში უფლებამოსილია დაიბრუნოს იგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაექვემდებარება განადგურებას;

ბ) თუ უკან დაბრუნებული ამანათის შიგთავსი შეიცავს როგორც მალფუჭებად, ისე არამალფუჭებად საქონელს და მას არ მოაკითხავს გამგზავნი 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში, იგი კომისიურად გაიხსნება და გათავისუფლდება მალფუჭებადი ნივთებისგან, დანარჩენი შიგთავსი კი შეინახება სტანდარტულად 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

3.1.13. გამგზავნს უფლება აქვს დამატებითი წერილობითი მოთხოვნის ან ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, მოითხოვოს ჩაუბარებელი ამანათის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება,  30 (ოცდაათი)   დღიანი ვადის დაუცველად. ამ შემთხვევაში შპს „საქართველოს ფოსტის“ მხრიდან ვალდებულება შესრულებულად ითვლება და გამგზავნს ამანათის გაგზავნის ღირებულება უკან არ უბრუნდება.

 

3.2.           სასჯელაღსრულების ამანათის ძირითადი მახასიათებლები

 

3.2.1. სასჯელაღსრულების ამანათის გაგზავნა შეუძლია მხოლოდ ფიზიკურ პირს.

3.2.2. სასჯელაღსრულების ამანათის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ სერვისცენტრიდან.

3.2.3. სერვისცენტრიდან სასჯელაღსრულების ამანათის გაგზავნის ზღვრული წონაა 20 კგ. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირს (ადრესატს) უფლება აქვს თვის განმავლობაში  მიიღოს გზავნილი, რომლის ზღვრული წონა არ აღემატება 40 კგ-ს.  იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში ერთი და იგივე ადრესატისთვის გაგზავნილი გზავნილის ჯამური წონა აღემატება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ყოველთვიურ ზღვრულ წონას (40კგ-ს), გზავნილი შესაძლოა არ გადაეცეს ადრესატს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ და დაუბრუნდეს იგი გამგზავნს.  

3.2.4. შპს „საქართველოს ფოსტა“ არ ახორციელებს 3.2.3. პუნქტში აღნიშნული ზღვრული წონის კონტროლს და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ ნორმის დარღვევასა და აქედან გამოწვეულ შედეგზე (ზარალზე) ეკისრება გამგზავნს. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული ყოველთვიური ჯამური წონის გადაჭარბების გამო გზავნილი დაუბრუნდება გამგზავნს, მისი გაგზავნის ღირებულების უკან დაბრუნდება შპს „საქართველოს ფოსტის“ მხრიდან არ მოხდება.

3.2.5. შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ამანათი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გადაეცემა მითითებული პენიტენციური დაწესებულების ამანათის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.

3.2.6.   პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება და შემოწმება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვებგვერდზე“ მითითებულ მისამართზე:

http://www.sps.gov.ge/images/temp/2019/05/28/44116d6c2e2ff60eaad2b0902a5e22dd.pdf

3.2.7. თუ პენიტენციური დაწესებულება უარს იტყვის ამანათის ჩაბარებაზე, იგი უკან ბრუნდება შპს „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში.

3.2.8. დაბრუნებული სასჯელაღსრულების ამანათის გამგზავნისთვის ჩაბარება წარმოებს 3.1.11-3.1.12 პუნქტებში დადგენილი წესით.

 

4.     ადგილობრივი ამანათის ჩაბარების ვადები

4.1. ადგილობრივი ამანათის   ადრესატისათვის ჩაბარების (შეტყობინების გაგზავნის) ვადებია:

Ø  2 (ორი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან -  ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ჩასაბარებელი ამანათებისთვის;

Ø  3 (სამი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი ამანათებისთვის;

Ø  5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი ამანათებისთვის.

შენიშვნა: თუ ადგილობრივი ამანათის გაგზავნა და ჩაბარება ერთი სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ხდება, ჩაბარების ვადა შეადგენს 3 (სამი) სამუშაო დღეს.

4.2. ჩაუბარებელი ადგილობრივი ამანათის გამგზავნისათვის ჩაბარების თაობაზე შეტყობინების დატოვების ვადები განისაზღვრება 4.1. პუნქტში მოცემული დებულებების იდენტურად.

 

 

5.     გასაგზავნი ადგილობრივი ამანათის შეფუთვის წესები

 

5.1. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი შპს „საქართველოს ფოსტას“ შესაძლოა წარედგინოს  როგორც ღია სახით და მომხმარებელმა შეფუთოს სერვისცენტრშივე, ისე დახურული სახით. ამასთან, კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს  მისი გახსნა და შიგთავსის დათვალიერება.

5.2. ადგილობრივი ამანათის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი. მან უნდა უზრუნველყოს  იმგვარი შეფუთვა, რომ არ მოხდეს ამანათის შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა გზავნილების  დაზიანება (მათ შორის დასველება) ტრანსპორტირების დროს.

5.3. გასაგზავნი  ადგილობრივი ამანათის შეფუთვისას გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:

§  ადგილობრივი ამანათი უნდა შეიფუთოს უსაფრთხოდ და ისეთი წესით, რომ მის შიგნით არ მოხდეს სხვა გზავნილების შეღწევა, ასევე უზრუნველყოფილ იქნას მისი შიგთავსის დაცვა ტრანსპორტირების პერიოდში;

§  ადგილობრივი ამანათი უნდა შეიფუთოს ისეთი სახით, რომ არ მოხდეს შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს და არ წარმოადგენდეს საშიშროებას იმ პირებისთვის, ვინც განახორციელებს მის შემდგომ დამუშავებას;

§  სითხე ან ისეთი ნივთიერება, რომელიც ადვილად იქცევა სითხედ, უნდა მოთავსდეს ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში. თითოეული კონტეინერი უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით და რომელიც კონტეინერის გატეხვის შემთხვევაში შეიწოვს სითხეს;

§  ცხიმის შემცველი ნივთიერებები, რომლებიც ადვილად არ გადაიქცევა სითხედ, როგორიცაა საცხები, ნახევრად თხევადი საპონი, ფისი და სხვა, პირველადი შესაფუთი მასალით (ყუთი, ნაჭრის ტომარა, პლასტმასის კონტეინერი და სხვ.) უნდა მოთავსდეს მყარ ყუთში, რათა თავიდან იქნეს აცილებული შიგთავსის გაჟონვა;

§  მშრალი საღებავი ფხვნილები, როგორიცაა მეთილენის ლურჯი და სხვა, დაიშვება მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ ლითონის ყუთებში, რომლებიც, თავის მხრივ, განთავსებული უნდა იქნეს შესაბამისი შემწოვი და დამცავი მასალით ამოვსებულ მყარ ყუთებში;

§  მშრალი არასაღებავი ფხვნილები უნდა განთავსდეს მყარ კონტეინერებში (ყუთი, ტომარა), რომლებიც, თავის მხრივ, განთავსდება მტკიცე ყუთებში;

§  შეფუთვა არ სჭირდება ისეთ გზავნილებს, როგორიცაა ხის, მეტალის და სხვა მასალის ნაჭრები, რომელთა შეფუთვაც სავაჭრო პრაქტიკაში მიღებული არ არის;

§  მინისგან დამზადებული ან სხვა მსხვრევადი ნივთები უნდა შეიფუთოს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით, რათა ტრანსპორტირების პროცესში თავიდან იქეას აცილებული ნივთების ხახუნი ან ნივთსა და ყუთის კედლებს შორის შეხლა.

 

 

6.     აკრძალვები და დაშვებები ადგილობრივი ამანათის შიგთავსის მიმართ

 

6.1. დაუშვებელია ადგილობრივ ამანათში იმ საგნების/საქონლის მოთავსება, რომელთა გაგზავნაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან შპს „საქართველოს ფოსტის“ რეგულაციებით.

6.2. ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათით აკძალულია შემდეგი საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა:

6.2.1.        არააღჭურვილი ფეთქებადი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები, მათ შორის არააღჭურვილი ყუმბარები, ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, აგრეთვე ასეთი მოწყობილობებისა და საგნების მულაჟები;

6.2.2.        რადიაქტიური ნივთიერებებ;

6.2.3.        ინფექციური ნივთიერებები;

6.2.4.        ნარკოტიკები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის განსაზღვრების შესაბამისად, ან სხვა უკანონო ნივთიერებები;

6.2.5.        კონტრაფაქტული ან მეკობრული საგნები;

6.2.6.        საგნები, რომლებიც თავისი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებისთვის, საშუალებებისთვის ან მოსახლეობისათვის, ასევე საგნები, რომლებიც შეიძლება აბინძურებდეს ან აფუჭებდეს სხვა გზავნილებს, კომპანიის მოწყობილობებს ან მესამე პირის საკუთრებას;

6.2.7.        ცოცხალი ცხოველები;

6.2.8.        გზავნილები, რომლებიც იგზავნება თაღლითობის ხელშესაწყობად ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან აცილების მიზნით.

 

6.3.      სასჯელაღსრულების ამანათით  აკრძალულია შემდეგი  ნივთების გაგზავნა:

6.3.1.    სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები;

6.3.2.    ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა;

6.3.3.    სატრანსპორტო საშუალებები;

6.3.4.        ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები;

6.3.5.        ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები;

6.3.6.        ოპტიკური ხელსაწყოები;

6.3.7.        საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი;

6.3.8.        ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი;

6.3.9.        სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები;

6.3.10.    გადასამრავლებელი აპარატები;

6.3.11.    დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი;

6.3.12.    ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები;

6.3.13.    ბანქო;

6.3.14.    ფოტოაპარატები, ფოტომასალები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები;

6.3.15.    მობილური ტელეფონები;

6.3.16.    ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა);

6.3.17.    კომპასები;

6.3.18.    დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი;

6.3.19.    საღებავები და კოპირების ქაღალდები.

 

6.4.      სასჯელაღსრულების ამანათით დაშვებულია შემდეგი ნივთების გაგზავნა:

 

6.4.1.   თაფლიქარხნული წესით დამუშავებული შუშის ქილის გარეშე, ერთდროულად არაუმეტესკილოგრამისა;

6.4.2.     მინერალური წყალი ქარხნული წესით დალუქული ერთდროულად არაუმეტეს 5 ლიტრისა;

6.4.3.     სეზონური ტანსაცმელი: მუქი ფერის გრძელი შარვალი (ბრიჯის და შორტის გარდა)  არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, დუტის და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე (ჩუსტი, კეტი, ბოტასი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა;

6.4.4.        სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა;

6.4.5.        მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა;

6.4.6.        საცვალი (ტრუსი) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა;

6.4.7.        პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის, მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა;

6.4.8.        კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა;

6.4.9.        თავსაფარი არაუმეტეს 1 ცალისა, რეიტუზი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოლჰოტ ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა და ბიუსტჰალტერი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება);

6.4.10.    მარლა, ჰიგიენური პაკეტი ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, არამეტალის თმის სამაგრი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, კოსმეტიკური ნივთები პლასტმასის შეფუთვით ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა, შამპუნი არაუმეტეს 1 ლიტრისა (5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება);

6.4.11.    სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა;

6.4.12.    რვეული ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-;

6.4.13.    არამეტალის უბრალო ფანქარი და პლასტმასის ავტოკალამი ერთდროულად არაუმეტეს 5 ცალისა;

6.4.14.    წიგნი (წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 21/30 სმ-, მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შეიცავენ შემდეგ შინაარსს: პორნოგრაფიას; მშენებლობის ინსტრუქციებს; ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს; მასალებს, რომლებიც მოიცავს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს; სხვა მასალებს, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას);

6.4.15.    ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13სმ-ისა.

6.5.      თუ ადგილობრივი ამანათის შიგთავსის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია დამატებითი დოკუმენტის (ნებართვის) წარდგენის ვალდებულება, ასეთი გზავნილის გაგზავნა ხორციელდება გამგზავნის მიერ მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ.

 

 

7.     ადგილობრივი ამანათის დამატებითი სერვისები

 

7.1. ადგილობრივი ამანათის გაგზავნისას მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს შემდეგი დამატებითი სერვისებით:

Ø  ადგილობრივი ამანათის დაზღვევა;

Ø  ადგილობრივი ამანათი ფასდადება;

Ø  გზავნილი ჩაბარების დასტური;

Ø  პირადად ადრესატისთვის ჩაბარება;

Ø  მისამართზე ჩაბარების სერვისი;

Ø  გადამისამართება;

Ø  ინფორმაციის (ცნობის) გაცემა საფოსტო მომსახურების  ფაქტის დადასტურების შესახებ;

Ø  გზავნილის არქივიდან გამოთხოვა.

 

7.2. ადგილობრივი ამანათის დაზღვევა

7.2.1.        გამგზავნს უფლება აქვს ისარგებლოს სერვისით „დაზღვევა“, რაც გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას დააზღვიოს ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის შიგთავსი, მის რეალურ ღირებულებად.

7.2.2.        სასჯელაღსრულების ამანათის დაზღვევა არ ხდება.

7.2.3.        დასაზღვევი გზავნილის შიგთავსის მომხმარებლის მიერ მითითებული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მის რეალურ ღირებულებას.

7.2.4.        აკრძალული ნივთების დაზღვევა დაუშვებელია.

7.2.5.        ადგილობრივი ამანათის დაზღვევა ხორციელდება „გზავნილის დაზღვევის პირობების და პროცედურის“ თანახმად.

 

7.3.  ადგილობრივი ამანათი ფასდადებით

7.3.1.        სერვისი გულისხმობს ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის გაგზავნას მისი გაგზავნის  საფასურის (ყოველგვარი დამატებითი სერვისების ღირებულების ჩათვლით, გარდა დაზღვევისა) გადახდის გარეშე, იმ პირობით, რომ აღნიშნული საფასურის გადახდა განხორციელდება ადრესატის მიერ, გზავნილის მიღებისას/გატანისას.

7.3.2.        სასჯელაღსრულების ამანათზე ფასდადებით გაგზავნის პირობა არ ვრცელდება.

7.3.3.        ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის ფასდადებით გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  გამგზავნიც და ადრესატიც ფიზიკური პირები არიან.

7.3.4.        თუ ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათი იგზავნება დაზღვევით, მისი ფასდადებით გაგზავნა არ ხდება.

7.3.5.        ფასდადებით გაგზავნილი ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის გაგზავნის ღირებულების და/ან არჩეული დამატებითი სერვისების ღირებულების ადრესატის მიერ გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელისთვის ამანათის ჩაბარება არ ხდება და ბრუნდება უკან გამომგზავნთან, რომელიც ვალდებულია გზავნილის გატანამდე გადაიხადოს შესაბამისი დავალიანება. თუ გამგზავნის მიერ არ მოხდება აღნიშნული დავალიანების გადახდა, ამანათი მისი სერვისცენტრში შენახვის ვადის გასვლის შემდეგ დადგენილი ვადით გადავა შპს „საქართველოს ფოსტის“ არქივში, რის შემდეგაც გადაეცემა სახელმწიფოს, ან გადავა შპს „საქართველოს ფოსტის“ საკუთრებაში.

 

7.4. გზავნილი ჩაბარების დასტურით

7.4.1.        „ადგილობრივი ამანათი ჩაბარების დასტურით“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას, ამანათის  გაგზავნისას მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება.

7.4.2.        აღნიშნული სერვისის არჩევის უფლება აქვს მხოლოდ გამგზავნს/წარმომდგენს.

7.4.3.        ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის ჩაბარება ხორციელდება:

Ø  გამგზავნის მისამართზე ერთჯერადი ვიზიტის განხორციელების გზით -  თუ გამგზავნის მიერ ამანათის გაგზავნისას მითითებული აქვს საკუთარი მისამართი;

Ø  გამგზავნის მისამართის მომსახურე სერვისცენტრში - თუ გამგზავნს ამანათის გაგზავნისას მითითებული აქვს გამგზავნი სერვისცენტრის მისამართი.

7.4.4.        იმ შემთხვევაში, თუ შპს „საქართველოს ფოსტისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის გადაცემა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ის გადაეცემა შპს „საქართველოს ფოსტის“ არქივის სამსახურს, დადგენილი ვადით დაარქივებისა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი განადგურების მიზნით.

7.4.5.        აღნიშნული სერვისი არ ვრცელდება სასჯელაღსრულების ამანათზე.

 

7.5. პირადად ადრესატისთვის ჩაბარება

7.5.1.        პირადად ადრესატისთვის ჩაბარება გულისხმობს ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის მხოლოდ იმ პირისთვის ჩაბარებას, ვისზეც დამისამართებულია იგი. ამანათი ასევე შეიძლება ჩაბარდეს ნებისმიერ სხვა პირს, თუ ის წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას გაცემულს ადრესატის მიერ, სადაც გამოხატული იქნება ადრესატის ნება ასეთი ამანათის მინდობილობაში აღნიშნული პირისთვის ჩაბარების შესახებ.

7.5.2.        დამატებითი სერვისი „პირადად ადრესატისთვის ჩაბარების“ არჩევის უფლება აქვს მხოლოდ ამანათის გამგზავნს.

7.5.3.        დამატებითი სერვისი „პირადად ადრესატისთვის ჩაბარება“ არ ვრცელდება სასჯელაღსრულების ამანათზე.

 

7.6. მისამართზე ჩაბარების სერვისი

7.6.1.        ადგილობრივი ამანათის მისამართზე მიტანა გულისხმობს მომხმარებლის შესაძლებლობას დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოითხოვოს ადგილობრივი ამანათის (მათ შორის, დაზღვეულის) მისამართზე მიტანა, ადრესატისთვის ჩაბარების მიზნით.

7.6.2.        აღნიშნული სერვისი არ ვრცელდება სასჯელაღსრულების ამანათზე.

7.6.3.        აღნიშნული დამატებითი სერვისით მომსახურება წარმოებს „გზავნილის მისამართზე ჩაბარების სერვისის“ დოკუმენტის თანახმად.

 

7.7. გადამისამართება

7.7.1.        გზავნილის გადამისამართების სერვისი გულისხმობს გზავნილის ადრესატის მონაცემების, კერძოდ: სახელის, გვარის, დასახელების (იურიდიული პირის შემთხვევაში), მისამართის ცვლილებას, ან ამ ველებში ნებისმიერი მონაცემის დამატებას ან გამოკლებას.

7.7.2.        აღნიშნული სერვისი არ ვრცელდება სასჯელაღსრულების ამანათზე.

7.7.3.        გზავნილის გადამისამართება წარმოებს „გზავნილის გადამისამართების წესის“ მიხედვით.

 

7.8. ინფორმაციის (ცნობის) გაცემა საფოსტო მომსახურების  ფაქტის დადასტურების შესახებ

7.8.1.        ინფორმაციის (ცნობის) გაცემა საფოსტო მომსახურების ფაქტის დადასტურების შესახებ გულისხმობს მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას გაგზავნილი ადგილობრივი ამანათის  შესახებ.

7.8.2.        ცნობის გაცემა პატიმრობისა და თავისუფლების  აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული პირისთვის ხორციელდება უფასოდ და იგზავნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში წერილობითი კორესპონდენციის სახით.

7.8.3.        ცნობის მოთხოვნა და გაცემა წარმოებს „ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ“ დოკუმენტის თანახმად.

 

7.9. არქივიდან გამოთხოვა

7.9.1.  სერვისი „არქივიდან გამოთხოვა“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას, კომპანიის მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი და ადრესატისათვის ჩაუბარებლობის გამო უკან დაბრუნებული  ადგილობრივი ამანათის  მისთვის გადაცემა.

7.9.2.        „არქივიდან გამოთხოვა“ ხორციელდება „ჩაუბარებელი გზავნილების დაარქივების, გამოთხოვის და განადგურების წესის“ დოკუმენტის თანახმად.

 

8.     პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

 

8.1. გამგზავნის პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

8.1.1.        გამგზავნს პასუხისმგებლობა ეკისრება შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლის სხეულის დაზიანების, სხვისი საფოსტო გზავნილების ან/და შპს „საქართველოს ფოსტის“ ქონების დაზიანების გამო, თუ აღნიშნულის მიზეზი გახდა გამგზავნის მიერ:

Ø  აკრძალული საგნების გაგზავნა;

Ø  დადგენილი წესების დარღვევით გზავნილის შეფუთვა.

8.1.2.        გამგზავნის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ შპს „საქართველოს ფოსტა“ გასაგზავნად მიიღებს ადგილობრივ ამანათს, რომელიც შეიცავს აკრძალულ საგნებს, ან შეფუთულია დადგენილი წესების დარღვევით.

8.1.3.        თუ გამგზავნი  დაიცავს ადგილობრივი ამანათის გაგზავნისთვის დაწესებულ ყველა პირობას, ის პასუხს არ აგებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება შპს „საქართველოს ფოსტის“ ბრალით, გზავნილის დამუშავების ან/და მისი ტრანსპორტირების დროს.

 

8.2. შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

8.2.1.        შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან გაუფრთხილებლობით) იქნება  გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს ამ დოკუმენტით  განსაზღვრული  მაქსიმალური ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი.

8.2.2.        შპს „საქართველოს ფოსტა“ მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, ადგილობრივი ამანათის:

Ø დაკარგვით;

Ø გარეგანი დაზიანებით;

Ø კომპანიის შეცდომით უკან, გამგზავნისათვის დაბრუნებით.

8.2.3.        შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ძალაშია, როდესაც:

ა) ადგილობრივი ამანათი დაიკარგა.  ამასთან,  ადგილობრივი ამანათი დაკარგულად ითვლება,  თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში;

ბ) ადგილობრივი ამანათის გარეგანი დაზიანებისას, თუ ასეთი დაზიანება აღმოჩენილია მისი ადრესატისთვის გადაცემამდე, ან უშუალოდ მისი გადაცემის დროს;

გ) ადგილობრივი ამანათის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მისი გარეგანი დაზიანება აღმოჩენილია - მისი უკან გამგზავნისთვის ჩაბარებამდე,  ან უშუალოდ მისი ჩაბარების მომენტში.

8.2.4.        შპს „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა  გამოირიცხება:

ა) თუ ადგილობრივი ამანათი ჩაბარებულია შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

ბ) იმ ადგილობრივი ამანათის მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა გამგზავნისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია;

გ) დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების  დადგომის შემთხვევაში;

დ) შემთხვევებში, როცა შპს „საქართველოს ფოსტას“ არ შეუძლია განახორციელოს ადგილობრივი ამანათების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის შედეგად  განადგურების გამო;

ე) თუ  ადგილობრივი ამანათის დაკარგვა, ან გარეგნული დაზიანება გამოწვეულია გამგზავნის ბრალით (მათ შორის, არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის  თვისებებით;

ვ) იმ  ადგილობრივი ამანათის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

ზ) იმ ადგილობრივი ამანათის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ გზავნილი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში;

თ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ ადგილობრივი ამანათის  დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

ი) თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

კ) თუ ადგილობრივი ამანათი გარეგნულად არ არის დაზიანებული;

ლ) თუ სასჯელაღსრულების ამანათი შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ჩაბარდა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილ პირს, თუმცა ის არ გადაეცა (მთლიანად ან ნაწილობრივ) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პირს (ადრესატს);

მ) თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა შპს „საქართველოს ფოსტას“ გზავნილის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

 

8.2.5.        დგილობრივი ამანათის დაკარგვის ან გარეგნული დაზიანების შემთხვევაში, შპს „საქართველოს ფოსტა“  ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

ა) ადგილობრივი ამანათის დაკარგვის, მისი გარეგნული დაზიანების გამო შიგთავსის მთლიანად განადგურების შემთხვევაში:

Ø  ადგილობრივი ამანათის გაგზავნის ღირებულებას + თითოეულ კილოგრამზე 5 (ხუთი) ლარი;

ბ) ადგილობრივი ამანათის შიგთავსის ნაწილობრივ დაკარგვის ან გარეგნული დაზიანების შემთხვევაში - დაზიანებული ან დაკარგული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს მაქსიმალური ზღვარისა.

8.2.6.        ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ IX კარის ნორმების შესაბამისად.