"საქართველოს ფოსტა" ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

"საქართველოს ფოსტა" საერთაშორისო საფოსტო კავშირების UPU-ს და PostEurop-ის წევრია.

 

UPU – უნივერსალური საფოსტო კავშირი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1874 წელს, შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში დაარსდა და ამჟამად აერთიანებს 192 ქვეყანას.

 

PostEurop - ევროპის საზოგადოებრივი საფოსტო კავშირი, რომელიც 1993 წელს ბრიუსელში დაარსდა, მასში 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორი ერთიანდება.

2016 წელს საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს და საფოსტო ოპერაციების საბჭოს POC-ს წევრი გახდა. ამასთან, საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანაა.

ბოლო წლებში "საქართველოს ფოსტამ" მრავალი ძირეული რეფორმა განახორციელა, როგორც საოპერაციო, ასევე სერვისების განვითარების მიმართულებით - შეიცვალა ბრენდის ფილოსოფია და ვიზუალური მხარე, განახლდა სერვისცენტრები, გადამზადდა თანამშრომლები, შეიქმნა ახალი სამუშაო სტანდარტები და დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები. შედეგად, "საქართველოს ფოსტა" მსოფლიოს 191 ქვეყნის სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად იქნა აღიარებული.

"საქართველოს ფოსტა" ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაციაა, რომელსაც სერვისების ყველაზე დიდ არჩევანთან ერთად, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელიც აქვს. დღეს საქართველოს მასშტაბით "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. კომპანიაში 2700 მაღალკვალიფიციური კადრია დასაქმებული.

საქართველოს ფოსტა ახორციელებს:

საფოსტო გზავნილთა (წერილობითი კორესპონდენცია, ამანათი, EMS გზავნილი, ავია გზავნილი) მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას, გადაზიდვასა და ჩაბარებას, როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიო მასშტაბით 190-ზე მეტ ქვეყანაში.
კომუნალური მომსახურების გადასახადების მიღებას.
ფულადი გზავნილების გაგზავნასა და სატელეგრაფო მომსახურებას.

საქართველოს ფოსტა თავის სტრუქტურაში აერთიანებს:

 

"საქართველოს საერთაშორისო დაჩქარებულ ფოსტას" (EMS), რომელიც გლობალურ ქსელში "Express mail services" ჩართულია 2001 წლის 1 მარტიდან.

მისია

 

"საქართველოს ფოსტის" საქმიანობა მომხმარებელთან, პარტნიორებთან და პერსონალთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. კომპანიის მისია პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით მომსახურების უმაღლესი სტანდარტის შექმნაა. უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე, "საქართველოს ფოსტა" იცავს და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებას, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში, საქართველოს ფოსტა გზავნილის სწრაფ და საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფს.

 

 

ხედვა

 

კომპანიის ხედვაა მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით მოიპოვოს მომხმარებლის ლოიალურობა, იყოს სანდო პარტნიორი როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. პროფესიონალებით დაკომპლექტებულ სერვისცენტრებში მაღალი სტანდარტის მომსახურება და თითოეული გზავნილის ადრესატამდე უვნებლად და დროულად მიტანა განაპირობებს კომპანიის წარმატებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია გეგმავს გაფარდოვდეს და გახდეს ლიდერი საფოსტო ოპერატორი რეგიონში.

ისტორია

 

საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ საქართველოში ცნობები სწრაფად გადაიცემოდა "შიკრიკთა" და "მალემსბოლთა" მეშვეობით, რომლებიც არაერთხელ არიან მოხსენიებულნი "ქართლის ცხოვრებაში." XIX საუკუნის ბოლოს, ქართული ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, სახელმწიფო წეს-წყობილების რეფორმის კანონპროექტის ავტორი, იოანე ბატონიშვილი, მიიჩნევდა, რომ ფოსტის სადგურების მოწყობა სასარგებლო იქნებოდა ხალხისთვის და შემოსავალს მისცემდა ხაზინას. აღებ-მიცემობის გაფართოებაც ფოსტის გარეშე შეუძლებელი იყო, ამიტომ იგი მოითხოვდა ფოსტის დაწესებას და საფოსტო დაწესებულების შექმნას. "ფოსტები, ანუ ჩაფარხანა, რაოდენ შეიძლებოდეს განწესდეს სამ ადგილას: ქართლსა, კახეთსა და თათრებში"... წერდა იოანე ბატონიშვილი.

 

 

 

 

საქართველოში, პირველი ფოსტის გადაზიდვას ქართული ურმის სახელი უკავშირდება. სანქტ-პეტერბურგის პოპოვის სახელობის კავშირგაბმულობის ცენტრალურ მუზეუმში, ფოსტის გადაზიდვის უძველეს საშუალებებთან ერთად ქართული ურემია გამოფენილი. ურემში შებმული ხარები მძიმედ ეწევიან ფოსტის დიდ ყუთს. მას წინ ორი ქართველი მიუძღვის. ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვას სხვა ქვეყნებშიც მიუქცევია ყურადღება. 1900 წელს, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნილ წიგნში - "ტექნიკა და მრეწველობა" (მეათე ტომი), რომელშიც ბერლინის საფოსტო მუზეუმის ზოგიერთი უნიკალური ექსპონატია აღწერილი, ნათქვამია: "ამ მუზეუმში რუსეთის ექსპონატებიდან განსაკუთრებით საინტერესოა ორთვალიანი ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვის სურათები". ასე რომ, ქართულ ურემს თავისი ადგილი უკავია მსოფლიო ფოსტის ისტორიაში.

 

პოპოვის სახელობის მუზეუმის ერთ-ერთი კატალოგი გვამცნობს, რომ ჩიკაგოში, 1893 წელს მოწყობილ მსოფლიო საფოსტო გამოფენაზე, რუსეთის საფოსტო განყოფილებაში ნაჩვენები იყო ქართული საფოსტო ურმის მოდელი და კავკასიონზე ფოსტის გადატანის ნახატი.

 

 

1804

ფოსტა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის მხოლოდ ცხენიანი ესტაფეტით გადაჰქონდათ.

1805

თბილისში პირველი საფოსტო განყოფილება გაიხსნა.

1826

ფოსტის გადასატანად დამატებით 120 ცხენი გამოიყო.

1832

საქართველოს ზოგიერთ საფოსტო ტრაქტზე ფოსტის სადგურები კერძო პირებს ეკუთვნოდათ. 1836 წლიდან კერძო სადგურების საფოსტო უწყებისთვის გადაცემა დაიწყო.

1840

შეიქმნა XII საფოსტო ოლქი. მის გამგეობაში შევიდა ქართლ-იმერეთის და კასპის ოლქი. 1857 წელს, ოლქის მმართველის, ნ.კახანოვის თხოვნით, თბილისში ფოსტის განყოფილება გაიხსნა. კახანოვმა გარკვეული რეფორმები გაატარა საფოსტო საქმეში. საინტერესოა, რომ მას მიაწერენ "თბილისის მარკის" გამოშვებას.

1862

თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის 11 ახალი სადგური იგება.

1870

თბილისის, მცხეთის, დუშეთის, ფასანაურის, მლეთის, გუდაურის, ყაზბეგის, ლარსის, ბალტას და ვლადიკავკაზის საფოსტო სადგურებში ცხენების რაოდენობა 652-მდე გაიზარდა. მოწინავე ქართული საზოგადოება განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საფოსტო მიმოსვლას საქართველოს სამხედრო გზაზე.

 

ორგანიზაცია "რუსეთის ტექნიკური საზოგადოების" კავკასიის განყოფილების თავმჯდომარემ, ცნობილმა მეცნიერმა და ინჟინერმა მ. გარსევანიშვილმა 1876 წლის 14 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მოიყვანა პეტერბურგიდან ფოსტის დაგვიანების მაგალითები. განსაკუთრებით ქვიშხეთსა და ყაზბეგის მიმართულებით, თოვლისა და ზვავების გამო. გზათა მიმოსვლის მერვე ოლქის მმართველობამ წინადადებით მიმართა პეტერბურგს: თუ თბილისში ფოსტის გამოგზავნა 5 დღით შეფერხდებოდა, მაშინ იგი თემურ-ხან-შურაზე, დერბეტზე, ბაქოზე, ელიზავეტოპოლზე გავლით უნდა გამოეგზავნათ - 200 ვერსის ნაცვლად, 1211 ვერსის შემოვლით.

1879

გაზეთი "დროება" (ს.მესხის სტატია "უპოჩტობა") - "მომეტებულ ნაწილს საქართველოს ადგილებში, გარდა იმ ქალაქ-დაბებისა, რომლებიც რკინიგზაზე მდებარეობენ, კვირაში მხლოდ ორჯერ და სამჯერ მოდის ფოსტა... მგონია დრო არის ფოჩტის გამგეობამ და ჩვენმა უმაღლესმა მთავრობამ ამ გარემოებას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს, რაც ამ ოცი წლის წინ იყო, ის აღარ არის დღეს ჩვენი ცხოვრება: მუდამდღე მატულობს ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობა და წარმოება, მუდამდღე მრავლდებიან შკოლები, მრავლდება წერა-კითხვის მცოდნე ხალხი, რომელთაც სურთ ფოსტის ამბები შეიტყონ, ერთი-ორად უფრო ხშირია ახალი სხვადასხვა მაზრების ხალხების ერთმანეთში მისვლა-მოსვლა და კავშირი. ამას გარდა, თვით მმართველობისთვისაც აუცილებლად საჭიროა გამართული ფოჩტის გზა და კორესპოდენდენცია".

 

მას მიაჩნდა, რომ ფოსტის ორგანიზაციის გაუმჯობესება მისი გაძვირების ფასადაც კი მისაღები იქნებოდა. ... "ოღონდ კი იყოს ფოჩტა, ოღონდ კი შეიძლებოდეს ფოჩტის დროზე და რიგიანად წიგნებისა და გაზეთების მიღება და მომეტებულ ხარჯს უეჭველია არავინ დაზოგავს," წერდა ავტორი.

1886

ფოსტის გზა რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით იხსნება - "ფოსტის გზას დიდი მხიარულობით ეგებება ხალხი", წერს გაზეთი "ივერია". ეს საქართველოში კავშირგაბმულობის ამ დარგის განვითარების ხალხის მხრიდან მხარდაჭერაზე მიუთითებს.

 

ამავე წელს მცხეთაში ფოსტის განყოფილება არსდება.

1893

"გაზეთი ივერია" - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლებში ფოსტის გადატანის ორგანიზებას.

1894

შესაძლებელი ხდება ფოსტით ფულის გაგზავნა - "გამგზავნი ფულს მიიტანდა ფოსტაში, ფოსტა ფულის მიღების კვიტანციას აძლევდა გამგზავნელს და შემდეგ ადრესატს უგზავნიდა ტალონს, რომლითაც ის ფოსტიდან ფულს მიიღებდა. ამ წესით იგზავნებოდა არა უმეტეს 1000 მანეთისა." (გაზეთი "ივერია", N229.)

 

ილიასეული გაზეთი "ივერია" ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ფოსტა აახლოებდა ადამიანებს, აცხოველებდა ვაჭრობას და ხალხში განათლება შეჰქონდა. საფოსტო ქსელის გაფართოებას და განყოფილებების გახსნას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებით კი სოფლებში, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განყოფილებების სიმრავლე სულ უფრო მეტ ადამიანს აძლევდა წვდომას საფოსტო მომსახურებაზე.

1901

"გაზეთი ივერია" - საფოსტო განყოფილებები გაიხსნა ახმეტასა და იყალთოში.

1913

საქართველოში 108 საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებს.

1993

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრი ხდება, რაც ქვეყანას მსოფლიო საფოსტო კავშირის ქსელებში ინტეგრირების საშუალებას აძლევს.

1995

"საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს" მიერ, სახელმწიფოს 100 %-იანი წილით, დაფუძნდა შპს "საქართველოს ფოსტა".