„საქართველოს ფოსტისა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი კამპანია #შენიმარკა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისეები მიმდინარე წლის 24 მაისიდან, საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში არიან წარმოდგენილები.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 მარტს, „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც „საქართველოს ფოსტისა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და „საქართველოს წითელი ჯვრის“ მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.
საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული, ნომინალი 3+1 ლარი. მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი ჩაირიცხება „საქართველოს წითელი ჯვრის“ შემოწირულობის ფონდში.
ასევე, „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოცილური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია, „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ საფოსტო მარკას, შესაბამისად, გაყიდვიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც საფოსტო მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში“ და იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი.
მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ფოსტასა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის განხორციელდება არაერთი ერთობლივი აქტივობა სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.