საქართველოს ფოსტის კამპანია „შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი“

ოქტომბერი 06, 2021

"საქართველოს ფოსტა" იწვევს ნებისმიერ მსურველსმოყვარულს თუ პროფესიონალ ფოტოგრაფს, "საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის" ფარგლებში გამოცხადებულ კამპანიაში  მონაწილეობის მისაღებად.

კამპანია გულისხმობს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფოტოგრაფების თვალით დანახული საქართველოსა და მისი კულტურული მახასიათებლების წარმოჩენას, აგრეთვე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ფოტოგრაფების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მათ მიერ წარმოდგენილი ფოტომასალის საფოსტო ბარათებზე დატანის გზით.

ჩაები კამპანიაში, შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი და გაუზიარე შენი საქართველო მსოფლიოს!

1. კამპანიის წესები და პირობები:

1.1.  ვის შეუძლია კამპანიაში მონაწილეობის მიღება:

·         როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს;

·         სრულწლოვან ფიზიკურ პირს.

 

1.2. კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები:

·         მონაწილემ კამპანიის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს მისი ავტორობით შექმნილი ფოტომასალა; 

·         ფოტომასლა უნდა ასახავდეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბუნებას, ღირსშესანიშნაობებს ან/და სამზარეულოს (კერძებს);

·         ფოტო არ უნდა ასახავდეს პორტრეტს;

·         ფოტოს რეზოლუცია უნდა შეადგენდეს 300 dpi-ის, შესაბამისად უნდა იბეჭდებოდეს მაღალი ხარისხით A6 ფორმატზე (არაუმეტეს 1.240x1.748 პიქსელი).

 

1.3. რა მიზნით გამოიყენებს შპს „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეების მიერ წარმოდგენილ ფოტოებს?

·          „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ფოტოებიდან შეარჩევს ფოტოებს და გამოიყენებს საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე დატანის მიზნით. შესაბამისად, კამპანიის ფარგლებში შერჩეული ფოტოები ავტორის სახელისა და გვარის მითითებით, დატანილი იქნება სარეალიზაციოდ/მიმოქცევაში გასაშვებად/გასავრცელებლად განკუთვნილ საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე, აგრეთვე სერვისცენტრების ბრენდირებისათვის.

 

 

1.4. ზოგადი პირობები

·         კამპანიის ფარგლებში ფოტოს წარმოდგენით მონაწილე „საქართველოს ფოსტას“ უსასყიდლოდ გადასცემს ფოტოს ნებისმიერი სახით გამოყენების უფლებას როგორც საქართველოს ტერიტორიის, ასევე მის ფარგლებს გარეთ განუსაზღვრელი ვადით, მათ შორის და არამხოლოდ: საფოსტო ბარათებზე და სხვა ნაბეჭდ პროდუქციაზე ფოტოს ესკიზის დატანის მიზნით;

·         კამპანიაში მონაწილეობის მიღებით მონაწილე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ  წარმოადგენს ფოტოზე საავტორო უფლების მფლობელს.

·         ყველა მონაწილის მიერ წარმოდგენილი ფოტო არ იქნება გამოყენებული წინამდებარე წესებსა და პირობებში განსაზღვრული მიზნით. „საქართველოს ფოსტა“ იტოვებს უფლებას, შეარჩიოს წარმოდგენილი ფოტოები სურვილისამებრ;

·         იმ მონაწილის სახელი და გვარი, რომლის ფოტოც იქნება შერჩეული საფოსტო ბარათებზე დატანის მიზნით, აღინიშნება საფოსტო ბარათებზე;

·         შერჩეული ფოტოს საფოსტო ბარათზე დატანამდე, მონაწილეს/ფოტოს ავტორს ეცნობება აღნიშნულის შესახებ;

·         კამპანია იწყება 2021 წლის 11 ოქტომბერს. ფოტოების მიღება წარმოებს 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით;

·         ფოტოების წარმოდგენა კამპანიის ფარგლებში მოხდება ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე ფოტოს გაგზავნის გზით: postcards@gpost.ge; ელექტრონული ფოსტის საშუალებით მონაწილეები მიიღებენ პასუხად დასტურს ფოტოს მიღების თაობაზე.

 

დამტებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ „საქართველოს ფოსტის“ ქოლ ცენტრს: 032 2 24 09 09.