„საქართველოს ფოსტასა“ და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე მოზარდების 50-მდე რჩეული წერილი შესანახად ეროვნულ არქივს გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წერილები არის პანდემიასთან დაკავშირებული იშვიათი გამოცდილებისა და შინაარსის მატარებელი, ასევე, უნიკალური გზავნილი მომავალ თაობებს.
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები.
მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია).
სტუმრებს სიტყვით მიმართეს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტომა ლევან ჩიკვაიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვალერი ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.