„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებმა უკრაინის ეროვნული ოპერატორის “Ukrposhta”-ის თანამშრომლებისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, 1 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების გზავნილები შეაგროვეს და გაუგზავნეს უკრაინის ფოსტას. შეგროვდა ტონამდე პროდუქცია, მათ შორის საკვები პროდუქტები, ბავშვთა კვება, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია
“საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან დღემდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთი გაგზავნა უკრაინის მიმართულებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ.
უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და უკრაინაში გაგზავნა საქართველოს პარლამენტმა, თბილისის მერიამ, საპატრიარქომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული კომპანიების წარმოებული ან მათ მიერ შეძენილი სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია უკრაინაში სამ ეტაპად გაიგზავნა.
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ გზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.
ასევე, „საქართველოს ფოსტამ“ 28 თებერვლიდან დღემდე ფიზიკური პირებისგან მიიღო და უსასყიდლოდ გაგზავნა 25 ტონამდე ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათები უკრაინის მიმართულებით.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გაგზავნა.