საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი

მაისი 26, 2024

 

 გორის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საქართველოს ფოსტის სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ფოტო სივრცეებში. ასევე, საქართველოს ფოსტა დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს - საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი საქართველოს რუკა, მოძრავი საფოსტო ყუთი და მოსიარულე ფოსტალიონები, რომლებიც მსურველებს წერილის გაგზავნის საშუალებას აძლევენ.

საქართველოს ფოსტის პავილიონში დამთვალიერებლებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გორში პირადად უმასპინძლა და ფოსტის ისტორია, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა გააცნო.

საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი - ეს არის დღესასწაული, რომელიც სიხარულისა და სიამაყის გრძნობასთან ერთად, გვახსენებს პასუხისმგებლობასაც, რაც ქვეყნის მომავლის წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ზუსტად ამის ხაზგასმაა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის წლევანდელი მთავარი თემატიკა რაც გვეამაყება და გვაერთიანებს, - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.