განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების მხარდაჭერის სახელმწიფო სააგენტოსთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით, ქალაქ ბათუმში, მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელზეც აჭარის რეგიონში არსებულმა 65–მა მცირე, საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.
დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში გაიმართა.
დასაქმების ფორუმის მიზანი გახლდათ, რეგიონალურ შრომის ბაზარზე, არსებული ან/და მოსალოდნელი ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის თავმოყრა ერთ სივრცეში. ასევე, სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
დასაქმების ფორუმის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა „საქართველოს ფოსტასა“ და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომპანიაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ვაკანსიების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი, მათ შორის 7 აჭარაში.