წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება

მაისი 29, 2021

2021 წლის 29 მაისს, საქართველოში, „მსოფილო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

 

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მხარდაჭერით მიმდინარე წელს მერვედ გაიმართა.

 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. ესენი არიან:

 

·         პირველი ადგილი - ანი ჭანკვეტაძე, იმერეთი, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლე, 11 წლის.

 

·         მეორე ადგილი - დავით ლომიძე, ქ. თბილისი, მწვანე სკოლის მოსწავლე,  10 წლის.

 

·         მესამე ადგილი - იოანე ჩხიკვაძე, ქ. ქუთაისი, N13 საჯარო სკოლის, 6-ე კლასის მოსწავლე, 11 წლის.

 

·         საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - მარიამ კილაძე, ქ. გორი, 4-ე საჯარო სკოლის, 5-ე კლასის  მოსწავლე, მარიამ კილაძე, 10 წლის.

 

·         საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - ქეთევან წერეთელი, ქ. ჭიათურა, 2-ე საჯარო სკოლის, 7-ე კლასი მოსწავლე, 13 წლის.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის  დაჯილდოვების ცერემონია  გაიმართება 2021 წლის  9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს,  „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ შტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია).

 

"საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე, მიმდინარე წელს 50 წლის იუბილე აღნიშნა. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს, შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

 

2021 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“,  გახლდათ “მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით” (“Write a letter to a family member about your experience of Covid-19”). კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

 

მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასევე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს ეროვნულ არქივს“ შორის, რომლის ფარგლებშიც, 50 - მდე რჩეული წერილი გადაეცემა არქივს, რადგან აღნიშნული წერილები არის პანდემიასთან დაკავშირებული უნიკალური გამოცდილებისა და შინაარსის მატარებელი, შესაბამისად, მეტად საინტერესო მომავალი თაობებისათვის.

 

 აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 597 მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.