მიმდინარე წელს, მსოფლიო საზოგადოება, გენიალური იტალიელის, უზენაეს პოეტად აღიარებული დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 27 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით დანტე ალიგიერის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.
დანტე ალიგიერის საფოსტო მარკა გამოიცა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და „საქართველოს ფოსტის“ მხარდაჭერით. მარკაზე ასახულია სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული პოეტის გრაფიკული გამოსახულებაა.
პრეზენტაციაზე „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის გარდა, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე.
ასევე, ღონისძიებაზე გაიმართა დანტეს „ახალი ცხოვრების“ ორენოვანი ქართულ-იტალიური საიუბილეო გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში იტალიის საილჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მნიშვნელოვანია, რომ მარკა ხელმისაწვდომია "საქართველოს ფოსტის" 81 სერვისცენტრში, საქართველოს მასშტაბით.