„საქართველოს ფოსტამ“ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

ივლისი 20, 2026

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის,  გიორგი ერაძის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რაც საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 

შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ფოსტა Cainiao-სთან თანამშრომლობით იმუშავებს რეგიონული სატრანზიტო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარებაზე, რომელიც მოემსახურება ელექტრონული კომერციის ნაკადებს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და ბელარუსიის მიმართულებით.

 

პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომი ტრანსპორტირება დანიშნულების ქვეყნებში. აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ოპერაციების მოცულობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

„მოხარულები ვართ, რომ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. გაფორმებული შეთანხმება საქართველოს ფოსტას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები საერთაშორისო ელექტრონული კომერციისა და ლოგისტიკის მიმართულებით და აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში. ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ეფექტურად მოემსახურება როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე რეგიონის მასშტაბით სერვისის მომხმარებლებს. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ელექტრონული კომერციის მიმართულების განვითარებას,  ხელს შეუწყობს  ლოგისტიკური პროცესებისა და მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.

 

ახალი პარტნიორობები და განვითარებული ინფრასტრუქტურა საქართველოს ფოსტას საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში.