საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ავიაკომპანია Air Serbia-სთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რაც კომპანიის საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.
ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო სწრაფი, საიმედო და ეფექტური საერთაშორისო საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფას.
„საქართველოს ფოსტა აქტიურად განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. Air Serbia-სთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთაშორისო ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და მოგვცემს საშუალებას, მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო მოქნილი, ეფექტური და მაღალი ხარისხის საერთაშორისო საფოსტო მომსახურება. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებით მუდმივად გავაუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება და მომსახურების ხარისხი. “- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ერაძემ.
Air Serbia სერბეთის უმსხვილესი ავიაგადამზიდია, რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით სამგზავრო და სატვირთო რეისებს ასრულებს. კომპანიის ფართო საერთაშორისო ქსელი საქართველოს ფოსტას შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო გააძლიეროს საერთაშორისო ლოგისტიკური კავშირები და მომხმარებლებს ეფექტური საერთაშორისო საფოსტო მომსახურება შესთავაზოს.