საქართველოს ფოსტამ ბოსტონში გამართულ მსოფლიო საფოსტო გამოფენაზე ქართული ფილატელია წარადგინა

ივნისი 01, 2026

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში 2026 წლის, 23 მაისიდან - 30 მაისის ჩათვლით, რიგით მე-12 საერთაშორისო ფილატელისტური გამოფენა -„Boston 2026 World Expo“გაიმართა.  ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფილატელისტები, კოლექციონერები და საფოსტო სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა, სადაც წარმოდგენილი იყო ათასობით იშვიათი და უნიკალური საფოსტო მარკა.

 

საქართველოს ფოსტამ, როგორც გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სტუმრებს საფოსტო სექტორის განვითარების მრავალფეროვან მიმართულებებთან ერთად ფილატელისტური პროდუქცია და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი საფოსტო გამოცემები წარუდგინა.

 

საქართველოს ფოსტის საგამოფენო სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ფოსტის 220 წლიან ისტორიას, დაეთვალიერებინათ უნიკალური ქართული საფოსტო მარკები და მიეღოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც დღეს საქართველოს ფოსტას ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ლოგისტიკურ და ეროვნულ საფოსტო ოპერატორად წარმოაჩენს.

 

საქართველოს ფოსტისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო პარტნიორებთან პროფესიული კავშირების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც თანამედროვე და განვითარებადი საფოსტო ბაზრის წარმოჩენისთვის საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

 

გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  Boston 2026 World Expo Official Website