საქართველოს ფოსტამ “Latvijas Pasts”-თან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა

თებერვალი 27, 2026

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ, ლატვიის ეროვნულ საფოსტო ოპერატორს — Latvijas Pasts-ს უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლატვიის საფოსტო ოპერატორებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიზნესის განვითარების ერთობლივი მოდელის ჩამოყალიბებას, ასევე ელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და დანერგვას.

დისკუსიის ფარგლებში, მხარეებმა იმსჯელეს საერთაშორისო საფოსტო ლოგისტიკის გაუმჯობესების, ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული თანამედროვე სერვისების განვითარების საკითხებზე.

„Latvijas Pasts-თან თანამშრომლობა საქართველოს ფოსტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ევროპულ საფოსტო სივრცეში პარტნიორული ქსელის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ინიციატივების განვითარება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტრონული კომერციის სწრაფად მზარდ პირობებში, რაც საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს შევთავაზოთ უფრო ეფექტიანი, თანამედროვე და კონკურენტული საფოსტო მომსახურება “ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.

საქართველოს ფოსტა, საქართველოს უმსხვილესი  საფოსტო ოპერატორია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი.