2025 წლის 7–8 ოქტომბერს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, დუბაიში, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რიგით 28-ე ყრილობა გაიმართა, სადაც საქართველო სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო ოპერაციების საბჭოს (POC) წევრობის კანდიდატად იყო წარდგენილი.
ყრილობის ფარგლებში ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველო საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრი 2026–2029 წლების ვადით მესამედ გახდა. აღნიშნული საბჭო 48 ქვეყნის დანიშნული ოპერატორისგან შედგება და გლობალური საფოსტო ოპერაციების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
“საქართველოსთვის მსოფლიო საფოსტო კავშირის ოპერაციების საბჭოში წევრობის გაგრძელება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო და საფოსტო სექტორის განვითარებისთვის განხორციელებული სისტემური რეფორმების აღიარებაა. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ფოსტის ძლიერ პოზიციას გლობალურ საფოსტო ოჯახში და გვაძლევს შესაძლებლობას, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციური სერვისებისა და სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მიმდინარე პროცესებში.“ - აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო საფოსტო ოპერაციების საბჭოს წევრია 2016 წლიდან, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საფოსტო პოლიტიკის ფორმირებისა და საფოსტო სექტორის განვითარების პროცესში. საქართველოს ფოსტა, ქვეყნის უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით.