საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის  TEMU - ს წარმომადგენლებს საქართველოში უმასპინძლა

ივლისი 28, 2025

 

ლევან ჩიკვაიძემ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის TEMU - წარმომადგენლებს საქართველოში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო ლოგისტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესება და  მომხმარებლებისთვის მაქსიმალური მოქნილობის უზრუნველყოფა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს TEMU - მზარდი ბაზრის შესაძლებლობები საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში შემოსული ამანათების ჩაბარების სისწრაფეს, ტრეკინგის სისტემების და მომსახურების ხარისხის დახვეწას.

მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მასპინძლოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც საქართველო საინტერესო ბაზრად და სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყანად მიაჩნიათ. TEMU - წარმომადგენლებთან დიალოგი და თანამშრომლობის მომდევნო ეტაპების დაგეგმვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებლებისთვის თანამედროვე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას,“ – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფოსტა აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მიზნად ისახავს გლობალური სავაჭრო პლატფორმების მიერ შეთავაზებული პროდუქციის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.