საქართველოს ფოსტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტი

ნოემბერი 06, 2024

 

საქართველოს ფოსტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორიგი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. უნივერსიტეტმა, საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, გამოსცა წიგნი-ალბომი: „მედეა ღამბაშიძე, პირველი ქართული უნივერსიტეტის, პირველი სტუდენტი“.

 

გამოცემა მიეძღვნა ქართული ემიგრაციის სახელოვან წარმომადგენელს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის) პირველი სტუდენტი გახლდათ. 1918 წელს პირველი სტუდენტური ბარათი, სწორედ მის სახელზე გაიცა.

 

ალბომში, მკითხველი გაეცნობა მედეა ღამბაშიძის ცხოვრებას, უნივერსიტეტის 50 წლის საიუბილეოდ მომზადებულ სტატიას, ჩანაწერებს მისივე პირადი დღიურიდან, ასევე: საქორწინო მისალოც წერილებსა და დეპეშებს, პირველი ვაჟის, რეზიკოსადმი მიძღვნილ ემოციურ დღიურს, მეგობრების ჩანაწერებს, დის მიერ საგანგებოდ ნაჩუქარ წიგნაკში, 1921 წლის ქართველი ემიგრაციის შთამომავალთა მოგონებებს მედეას შესახებ, ასევე, ფონდი „ტასოს“ მხარდაჭერით მომზადებულ „ქალთა მეხსიერების“ ზეპირი ისტორიების ციკლს.

 

წიგნ-ალბომში ასახულია მხატვრული ნაწარმოები: „პირველი თოვლი“, რომელიც მედეას ქალიშვილის, ნათელა ნიკოლაძის მოსაზრებით, მის დედას ეკუთვნის. მკითხველი, ასევე გაეცნობა მნიშვნელოვან ფოტომასალას, რომლის დიდი ნაწილი პირველად ქვეყნდება.

 

აგრეთვე, ღონისძიებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ,  საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე, უნივერსიტეტის საპატიო მედლით დააჯილდოვა.