საქართველოს ფოსტის ინიციატივით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, რექტორს, გიორგი შალუტაშვილს უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.
ასევე, „საქართველოს ფოსტასა“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ქართული მარკა მიმოქცევაშია 2023 წლის დეკემბრიდან და ხელმისაწვდომია „საქართველოს ფოსტის“ 80 სერვისცენტრში საქართველოს მასშტაბით. საფოსტო გზავნილების განხორციელება ახლა უკვე აღიშნული მარკით არის შესაძლებელი. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული.