სიახლეები

საქართველოს ფოსტის განახლებული სერვის ცენტრი ქუთაისში

22 ნოემბერი

 

 

საქართველოს ფოსტამ ქუთაისში, თამარ მეფის ქ. №56-ში განახლებული სერვის ცენტრი გახსნა, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სწრაფი, სანდო და მოქნილი საფოსტო სერვისებით. სერვის ცენტრის განახლებაში, სადაც 17 ადგილობრივია დასაქმებული, კომპანიამ 130 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ჩატარდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა.

„განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი, ხელმისაწვდომი გავხადოთ სრული საფოსტო მომსახურება და შევქმნათ კომფორტული სამუშაო გარემო. საქართველოს ფოსტა ორიენტირებულია განვითარებაზე, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვცდილობთ მომხმარებელზე მორგებული გავხადოთ საფოსტო პროდუქტები. ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით შევქმნათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და უნივერსალური საფოსტო მომსახურების პრინციპებიდან გამომდინარე დავიცვათ და უზრუნველყოთ თითოეული მოქალაქის უფლება, შეუფერხებლად მიიღოს საფოსტო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით. მომხმარებელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ქვეყნის ყველაზე შორეულ წერტილამდე, წელიწადის ნებისმიერ დროს და ამინდში, საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს გზავნილის საიმედო და სწრაფ მიწოდებას“ - აცხადებს საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

მიმდინარე წელს საქართველოს ფოსტამ 5 სერვის ცენტრი განაახლა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 2  სერვის ცენტრის განახლება. საქართველოს ფოსტა ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის.