სიახლეები

საქართველოს ფოსტამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან

15 თებერვალი

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ საფოსტო საქმიანობა. „საქართველოს ფოსტა“ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში. დაიგეგმება და განხორციელდება შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, ტრენინგები და სხვა სასწავლო პროცესები, ასევე საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას.

,,საფოსტო საქმიანობის სწავლების განახლება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს დარგის განვითარებაზე საქართველოში, შესაბამისად ქვეყანაში გვეყოლება სპეციალიზებული კადრები, რომლებიც დღეისათვის საკმაოდ დეფიციტურია. საფოსტო საქმიანობა საქართველოს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ისწავლება, თუმცა თუ გადავხედავთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარს, საფოსტო ბიზნესი ერთ-ერთი მოწინავე დარგია. ეს სფერო საკმაოდ სპეციფიურია, ვინაიდან არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმიანობით, საფოსტო საქმიანობა ავტომატურად გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები კი მოითხოვს შესაბამის სტანდარტებს. საქართველოში სამწუხაროდ  არ არსებობდა არცერთი სახელმძღვანელო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა თანამედროვე საფოსტო ბიზნესის განსახორციელებლად, ამიტომ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შევქმენით რიგი სახელმძღვანელოები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და ჩვენთან დასაქმებულებს ვასწავლით. რაც მთავარია ეს მასალა სრულად არის მორგებული საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად აქედან მიღებული ცოდნის გამოყენებას ნებისმიერ სხვა ქვეყანაში შეძლებენ.“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც  გარანტია იმისა, რომ საქართველოს ეყოლება კარგი სპეციალისტები. „საქართველოს ფოსტა“ ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა, სერიოზული დამსაქმებელი, ბატონ ლევანს აქვს ფოსტის განვითარების სერიოზული კონცეფცია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოამზადებს კადრებს, ჩვენ გვაქვს სერიოზული კვლევითი პოტენციალი, გვყავს პროფესორები, მკვლევარები, რომლებიც ჩაერთვებიან „საქართველოს ფოსტის“ განვითარებაში. „საქართველოს ფოსტასთან“ ერთად, ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ ტექნოლოგიებს შექმნის. ჩვენთვის საინტერესოა ამ ჯგუფთან მუშაობა და ვუსურვებ მათ წარმატებებს“, - განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

„საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვის ცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომპანიაში დასაქმებულია 3 000-მდე მაღალკვალიფიციური კადრი და ქვეყანაში ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება.