მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 8. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის მიღება და ჩაბარება
მუხლი 29. საერთაშორისო სახმელეთო ამანათის ჩაბარება საქართველოს ტერიტორიაზე

29.1. საერთაშორისო  სახმელეთო ამანათის ადრესატისათვის ჩაბარების  მიზნით, კურიერი  შეტყობინებას  - ადრესატის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ ათავსებს ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება ხდება ადრესატის კარზე,  ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილზე;

29.2. შეტყობინება ასევე ჩაბარებულად  ითვლება, თუ ის კურიერის მიერ გადაცემულია ადრესატის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს.

29.3. თუ კურიერი  ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ის შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება;

29.4.  თუ სახმელეთო ამანათზე დატანილია ადრესატის ტელეფონის ნომერი, ამ მუხლის 29.1.-29.3.  პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მითითებულ ტელეფონის  ნომერზე  SMS შეტყობინების გაგზავნა. SMS შეტყობინების ტექსტი უნდა შეიცავდეს ადრესატისთვის ინფორმაციას თუ , როდის და სად შეუძლია მას სახმელეთო ამანათის  მიღება.

29.5.  სახმელეთო ამანათის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შეტყობინებაში მითითებულ სერვისცენტრში, ასეთი გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადაში   ადრესატს, მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ  საბუთს) და სახმელეთო ამანათის კოდს,  უფლება აქვს გაიტანოს ამანათი სერვისცენტრიდან.

29.6.  მოუკითხავი ამანათი, რომელსაც გაუვა ამ მუხლის 29.5. პუნქტით აღნიშნული სერვისცენტრში შენახვის ვადა, შეინახება „საქართველოს ფოსტის“ მიერ დამატებით 50 (ორმოცდაათი) დღის ვადით, რის შემდეგაც გადაეცემა სახელმწიფოს.