Georgian Post: ადგილობრივი ამანათი

ადგილობრივი ამანათი

ადგილობრივი ამანათის პირობები

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იმ პირობების ერთობლიობას, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ სთავაზობს მომხმარებელს ადგილობრივი  ამანათის გაგზავნისა და მისი ადრესატისათვის ჩაბარებისას.

1.2. ადგილობრივი ამანათის მომსახურებისას „საქართველოს ფოსტა“ ასევე ხელმძღვანელობს „მომხმარებლის  სახელმძღვანელოთი“ დადგენილი ნორმებით. ამასთან, ამ დოკუმენტსა და „მომხმარებლის  სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრულ დებულებებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, გამოიყენება წინამდებარე  დოკუმენტით განსაზღვრული ნორმები.

 

 

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

2.1. ამ დოკუმენტის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

2.1.1. ადგილობრივი  ამანათი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ამანათი“) - საფოსტო გზავნილის სახეობა, რომლის გაგზავნაც და ადრესატისათვის ჩაბარებაც ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, ხოლო გზავნილის შიგთავსს წარმოადგენს ნებისმიერი ნივთი (გარდა წერილების, დოკუმენტების და ქაღალდზე დატანილი ნებისმიერი ბეჭდვითი მასალების, ხელნაწერების და ფოტოსურათებისა, თუ მათი ზომა/წონა არ აღემატება ადგილობრივი მცირე პაკეტისთვის დადგენილ მოთხოვნებს ),  რომლის გაგზავნაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და კომპანიის  მიერ დადგენილ წესებს;

2.1.2. ამანათის წონა - 30კგ-მდე.

2.1.3. ამანათის ზომა: ზომა - 105სმX105სმX105სმ (ან 200სმ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

2.1.4. ფიზიკური პირი - ფიზიკური პირი, თუ ის ამანათის გაგზავნას ახორციელებს არასამეწარმეო საქმიანობისათვის და მას დადებული არ აქვს ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტასთან“.

2.1.5. იურიდიული პირი -  ნებისმიერი სამართლებრივი წარმონაქმნი, მათ შორის ინდივიდუალური  მეწარმე, თუ ის ამანათის გაგზავნას ახორციელებს ამ სტატუსით.

 

მუხლი 3. ზოგადი მოთხოვნები ადგილობრივი ამანათის მიმართ

3.1. ამანათი შესაძლებელია გაეგზავნოს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს.

3.2. ამანათის გაგზავნა სტანდარტულად ხორციელდება შემდეგი პირობით:

Ø  „სერვისცენტრამდე“;

Ø  „მოკითხვამდე“;

 

3.3. გამგზავნმა/წარმომდგენმა ამანათის გაგზავნის მიზნით უნდა წარმოადგინოს  შემდეგი ინფორმაცია:

3.3.1.                გამგზავნის შესახებ:

 

Ø  სახელი,გვარი/ორგ.დასახელება;

Ø  პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი;

Ø  მისამართი;

Ø  მობ.ტელეფონის ნომერი (ნებაყოფლობით);

 

3.3.2.                წარმომდგენის შესახებ:

შენიშვნა:  ინფორმაცის წარმოდგენა სავალდებულოა  იურიდიული პირის სახელით ამანათის გაგზავნისას, ასევე ფიზიკური პირის ამანათის გაგზავნის შემთხვევაში, თუ ეს ამანათი მესამე პირის სახელით იგზავნება.

Ø  სახელი,გვარი;

Ø  პირადი ნომერი;

Ø  მისამართი;

Ø  მობ.ტელეფონის ნომერი (ნებაყოფლობით მიეთითება მხოლოდ იურიდიული პირის სახელით ამანათის გაგზავნისას);

 

3.3.3.                ადრესატის შესახებ:

 

Ø  სახელი,გვარი/ორგ.დასახელება;

Ø  ადრესატის მისამართი;

Ø  ადრესატის მობილური ტელეფონის ნომერი (ნებაყოფლობით);

 

3.3.4.                ამანათის შიგთავსის შესახებ:

 

Ø  ზოგადი ინფორმაცია შიგთავსში შემავალი ნივთების შესახებ. 

 

3.4. ამანათი „საქართველოს ფოსტას“ შესაძლოა გადაეცეს დახურული სახით (გარდა ამანათის დაზღვევის შემთხვევისა). ამასთან, კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს   მისი გახსნა და შიგთავსის დათვალიერება.

3.5. ამანათის სათანადოდ შეფუთვაზე პასუხისმგებელია გამგზავნი. მან უნდა უზრუნველყოს  იმგვარი შეფუთვა, რომ არ მოხდეს ამანათის შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა გზავნილების  დაზიანება (მათ შორის დასველება) ტრანსპორტირების დროს.

3.6. დაუშვებელია ამანათში იმ საგნების/საქონლის მოთავსება, რომელთა გაგზავნაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან „საქართველოს ფოსტის“ რეგულაციებით. მათ შორის:

3.6.1. ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები;       რადიაქტიური ნივთიერებანი;

3.6.2. ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, ბიოლოგიური, ინფექციური და სხვა საშიში    ნივთიერებანი;

3.6.3. იარაღი, არააღჭურვილი ფეთქებადი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები, მათ შორის არააღჭურვილი ყუმბარები, ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, აგრეთვე ასეთი მოწყობილობებისა და საგნების მულაჟები;

3.6.4. საგნები რომლებსაც კავშირი აქვთ პედფილიასთან და ბავშვთა პორნოგრაფიასთან;

3.6.5. ცოცხალი ცხოველები;    

3.6.6. ფულის ნიშნები, დაუმუშავებელი პლატინა, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები, გარდა მათი ნაკეთობებისა;

3.6.7. წერილები, დოკუმენტები და ქაღალდზე დატანილი ნებისმიერი ბეჭდვითი მასალები, ხელნაწერები და ფოტოსურათები, თუ მათი ზომა/წონა არ აღემატება ადგილობრივი მცირე პაკეტისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

3.6.8. კონტრაფაქტული ან მეკობრული საგნები;

3.6.9. საგნები, რომლებიც თავისი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებისათვის, საშუალებებისთვის ან მოსახლეობისათვის, აბინძურებდეს ან აფუჭებდეს სხვა გზავნილებს, კომპანიის მოწყობილობებს ან მესამე პირის საკუთრებას;

3.6.10. გზავნილები, რომლებიც იგზავნება თაღლითობის ხელშესაწყობად ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან აცილების მიზნით;

3.7. „საქართველოს ფოსტა“  უფლებამოსილიდააკავო ნებისმიერი ამანათი თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი,  რომ გზავნილ შეიძლება შეიცავდეს ამ მუხლის 3.6. პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საგნებს, ნივთიერებებს, მასალებს, ცხოველებს ან პროდუქტებს. ასეთ  შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“ ამანათს გადასცემს  შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და მომხმარებლის წინაშე პასუხს არ აგებს ასეთი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

მუხლი 4. ამანათის გაგზავნა

4.1. ამანათის გაგზავნა ფიზიკური პირის მიერ

4.1.1. ფიზიკური პირის მიერ ამანათის გაგზავნა ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის საშუალებით.

4.1.2. ფიზიკურ პირს ამანათის გაგზავნის უფლება აქვს როგორც თავად, ასევე წარმომდგენის საშუალებით, თუ ეს უკანასკნელი ამანათის გაგზავნისას წარმოადგენს  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4.1.3. თუ გზავნილის დამისამართებისას, გამგზავნის მიერ არ განხორციელდება არც საკუთარი და არც ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის მითითება, ან ის არასწორად მიეთითება,  „სერვისცენტრამდე“  პირობით მიღებული ამანათი ჩაბარდება (როგორც ადრესატს, ასევე მისი უკან დაბრუნების შემთხვევაში გამგზავნს) „მოკითხვამდე“ პირობით.

4.1.4. ამანათის „მოკითხვამდე“ პირობით გაგზავნისას, ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის. ამასთან, თუ ასეთ შემთხვევაში გამგზავნი არც საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერს მიუთითებს, გზავნილის უკან დაბრუნების შემთხვევაში მისთვის SMS შეტყობინების გაგზავნა არ განხორციელდება და გზავნილი 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით,  შეინახება იმ სერვისცენტრში, საიდანაც განხორციელდა ამანათის გაგზავნა.

 

4.2. ამანათის გაგზავნა იურიდიული პირის მიერ

4.2.1. იურიდიული პირის მიერ ამანათის გაგზავნა ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის ან კურიერის საშუალებით.

4.2.2. იურიდიული პირი, რომელსაც ამანათის გაგზავნის მომენტში არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტასთან“, ამანათს აგზავნის სერვისცენტრის საშუალებით, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.

4.2.3. იურიდიული პირი, რომელსაც ამანათის გაგზავნის მომენტში გაფორმებული აქვს ხელშეკრულება „საქართველოს ფოსტასთან“, ამანათის გაგზავნის შესაძლებლობა აქვს როგორც სერვისცენტრის საშუალებით, ასევე კურიერის გამოძახების გზით.

მუხლი 5. ამანათის ჩაბარება

 

5.1. „სერვისცენტრამდე“ პირობით ამანათის ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით,    ადრესატის  მისამართის შესაბამის სერვისცენტრში ამანათის მიღების შემდეგ, „საქართველოს ფოსტა“ ადრესატის მობილურ ტელეფონზე აგზავნის შესაბამის SMS შეტყობინებას.  შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად შეუძლია ადრესატს ამანათის მიღება.

5.2. თუ ამანათის გამგზავნს იურიდიული პირი წარმოადგენს, რომელმაც ამანათის დამისამართებისას არ მოახდინა ადრესატის მობილური ტელეფონის ნომრის მითითება, ან მის მიერ მითითებულ ნომერზე ვერ განხორციელდა SMS შეტყობინების გაგზავნა, „საქართველოს ფოსტის“ კურიერი ახორციელებს შესაბამისი წერილობითი შეტყობინების დატოვებას ადრესატის მითითებული მისამართის კარზე, ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილზე.

    შეტყობინება ასევე ჩაბარებულად ითვლება, თუ ის კურიერის მიერ გადაცემულია ადრესატის მისამართზე მყოფი ნებისმიერი  პირისთვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს.

     თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას  სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ის შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ.ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან, თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია  შეტყობინების მისთვის დატოვება;

5.3. „მოკითხვამდე“ პირობით ამანათის  ჩაბარების მიზნით,  ადრესატისათვის SMS შეტყობინების გაგზავნა  არ განხორციელდება და ის 30 კალენდარული დღის ვადით შეინახება სერვისცენტრში. ამ ვადის განმავლობაში ადრესატს საშუალება ექნება ჩაიბაროს გზავნილი სერვისცენტრში.

5.4. ამანათის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ასეთი გზავნილის „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადაში   ადრესატს,  მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამანათის კოდს,  უფლება აქვს გაიტანოს ამანათი სერვისცენტრიდან. ამასთან, დაზღვეული ამანათის  ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ ადრესატს, ან მის რწმუნებულს, სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

5.5. ამანათის (მათ შორის დაზღვეულის) ჩაბარება ხორციელდება  გზავნილის მიღების დასტურად  სათანადო წესით ხელმოწერის განხორციელების შემდეგ.

5.6. მოუკითხავი ამანათი,  რომელსაც გაუვა ამ მუხლის 5.4. პუნქტით აღნიშნული შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან, გამომგზავნისთვის ჩაბარების მიზნით. გამომგზავნისთვის ამანათის უკან ჩაბარება/შეტყობინების დატოვება ამანათის არსებობის შესახებ  წარმოებს ამანათის სერვისცენტრში დაბრუნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, შემდეგნაირად:

5.6.1. თუ ამანათის გაგზავნისას, გამგზავნის მიერ განხორციელდა საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის მითითება, განხორციელდება აღნიშნულ ნომერზე SMS შეტყობინების გაგზავნა, რითაც ეცნობება გამგზავნს მის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ.

5.6.2. თუ ამანათის გაგზავნისას, გამგზავნის მიერ არ განხორციელდება საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის მითითება:

·ფიზიკური პირის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდება „მოკითხვამდე“ პირობით და გამგზავნს რაიმე ტიპის შეტყობინება მის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ არ გაეგზავნება.

·იურიდიული პირის შემთხვევაში, არსებული წესის შესაბამისად  გამგზავნის მისამართზე კურიერის მიერ მოხდება  შეტყობინების დატოვება მის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ, ხოლო  გზავნილი ჩაბარდება „სერვისცენტრამდე“ პირობით. 

5.7. გამგზავნს უფლება აქვს დამატებითი წერილობითი მოთხოვნის ან ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, მოითხოვოს ჩაუბარებელი ამანათის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება, პუნქტი 5.4.-ში აღნიშნული 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის დაუცველად. ამ შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტის“ მხრიდან ვალდებულება შესრულებულად ითვლება და გამგზავნს ამანათის გაგზავნის ღირებულება უკან არ უბრუნდება.

5.8. ის ამანათი, რომლის უკან ჩაბარებაზეც  უარი  განაცხადა გამგზავნმა, აგრეთვე ამანათი, რომელსაც გაუვა გამგზავნისათვის უკან ჩაბარების ვადა,  გადაეცემა სახელმწიფოს. ამასთან,  გამგზავნისათვის ჩაუბარებელი ამანათი, რომლის შიგთავსსაც მალფუჭებადი პროდუქტი წარმოადგენს, კომპანიის მიერ შესაძლოა განადგურდეს 30 დღიანი ვადის დაუცველად.

მუხლი 6. ამანათის ჩაბარების ვადები

6.1. ამანათის (მათ შორის დაზღვეული)  ადრესატისათვის ჩაბარების თაობაზე შეტყობინების დატოვების  ვადებია:

Ø  3 (სამი)სამუშაო დღე მისი მიღებიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული  ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი  ამანათებისთვის;

Ø  5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი მიღებიდან - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში მიღებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი ამანათებისთვის.

შენიშვნა: თუ ამანათის გაგზავნა და ჩაბარება ერთი სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში ხდება, ჩაბარების თაობაზე შეტყობინების დატოვების ვადა შეადგენს 3 (სამ)სამუშაო დღეს.

6.2. ჩაუბარებელი ამანათის (მათ შორის დაზღვეული)  გამგზავნისათვის ჩაბარების თაობაზე შეტყობინების დატოვების ვადებია:

Ø  3 (სამი) სამუშაო დღე მისი შენახვის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან - გარდა სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში  არსებული ან ამ ერთეულში ჩასაბარებელი  ამანათებისთვის;

Ø  5 (ხუთი) სამუშაო დღე მისი შენახვის ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან  - სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ან ამ ერთეულებში ჩასაბარებელი ამანათებისთვის.

შენიშვნა: თუ ამანათის გამგზავნი და ადრესატი  ერთი სპეციალური ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში იმყოფებიან,   დაბრუნებული ამანათის ჩაბარების თაობაზე გამგზავნისათვის შეტყობინების დატოვების  ვადა შეადგენს 3 (სამ)სამუშაო დღეს.

 

მუხლი 7. ადგილობრივი ამანათის დამატებითი სერვისები

 

7.1.ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება

 

7.1.1. დამატებითი სერვისი „ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“-ს  არჩევის უფლება აქვს როგორც გამგზავნს, ასევე ადრესატს, თუ ადრესატის მისამართი შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს განეკუთვნება:

         თბილისი; ქუთაისი; ბათუმი; ზუგდიდი; ფოთი; თელავი; რუსთავი; ზესტაფონი; გორი; ოზურგეთი.

7.1.2. „ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას ისარგებლოს აღნიშნული სერვისით ამანათის გაგზავნისას,  მომსახურების ღირებულების წინასწარი  გადახდის გზით, ან/და ადრესატის შესაძლებლობას - შეუკვეთოს ეს მომსახურება „საქართველოს ფოსტა“-ს, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა განახორციელოს  ამანათის მითითებულ მისამართზე მიღების დროს.

7.1.3. ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება „სტანდარტული“ პირობით   გულისხმობს:

Ø  10კგ-მდე ამანათის ტრანსპორტირებას და ჩაბარებას ადრესატის ადგილსამყოფელის (ბინის, სახლის, ოფისის) კართან, ხოლო 10კგ-დან 30კგ-მდე ამანათის ჩაბარებას ადრესატის ადგილსამყოფელის შენობის შესასვლელთან;

Ø  ამანათის ჩაბარებას შეკვეთის მიღებიდან 2(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.1.4. ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება „სასწრაფო“ პირობით   ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, შეკვეთის მიღებიდან მე-2 (მეორე) სამუშაო დღეს. ამასთან, ადრესატის მისამართზე მიტანას ექვემდებარება მხოლოდ  10 კგ-მდე ამანათი;

7.1.5. ამანათის ჩაბარების მიზნით,  კურიერი ადრესატის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად  ვიზიტს.

7.1.6. თუ  ამანათი  დამისამართებულია ფიზიკურ პირზე და ის არ  არის დაზღვეული,  შეიძლება ჩაბარდეს როგორც უშუალოდ ადრესატს,  ასევე  ნებისმიერ სრულწლოვან  პირს,  რომელიც დახვდება კურიერს ადრესატის მისამართზე და განაცხადებს, რომ ცხოვრობს/მუშაობს  ადრესატთან ერთად. თუ ამანათის ადრესატს 16 წლამდე არასრულწლოვანი პირი წარმოადგენს, მისი ჩაბარება ხორციელდება ამ მისამართზე მყოფი სრულწლოვანი პირისთვის.

7.1.7. თუ ამანათი დამისამართებულია იურიდიულ პირზე  და ამავე დროს არ არის   დაზღვეული, მისი ჩაბარება ხორციელდება კანცელარიაში, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ  ერთეულში, ან ის გადაეცემა ასეთ ორგანიზაციაში მომუშავე პირს. ამასთან, თუ ამანათის  ადრესატია ორგანიზაცია, რომლის მისამართადაც მითითებულია საცხოვრებელი ბინა/სახლი, ასეთ მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი პირისათვის გადაცემული ამანათი ითვლება სათანადო წესით ჩაბარებულად, თუ ასეთი პირი კურიერს განუცხადებს რომ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

7.1.8. თუ ამანათი დაზღვეულია და დამისამართებულია ფიზიკურ პირზე, ის შეიძლება ჩაბარდეს მხოლოდ  უშუალოდ ადრესატს. ხოლო იურიდიულ პირზე დამისამართებული დაზღვეული ამანათის  ჩაბარება ხორციელდება  კანცელარიაში, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ  ერთეულში.  თუ ამანათის ადრესატად იურიდიული პირის დასახელების გარდა მითითებულია კონკრეტული პირი, ასეთი ამანათის  ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ უშუალოდ მითითებული პირისათვის ან კანცელარიისთვის, ხოლო თუ ორგანიზაციაში არ არსებობს ასეთი სტრუქტურული ერთეული, გზავნილი გადაეცემა კანცელარიის  ფუნქციის მატარებელ  სტრუქტურულ  ერთეულს/პირს. თუ იურიდიული პირის  მისამართად მითითებულია საცხოვრებელი ბინის/სახლის მისამართი, ხოლო ადრესატად მხოლოდ იურიდიული პირის  დასახელება, ასეთ მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი პირისათვის გადაცემული დაზღვეული ამანათი ითვლება სათანადო წესით ჩაბარებულად, ხოლო თუ ადრესატად იურიდიული პირის დასახელების გარდა მითითებულია კონკრეტული პირი, დაზღვეული ამანათი  ჩაბარდება მხოლოდ უშუალოდ ამ კონკრეტულ პირს.

7.1.9. ამანათის (მათ შორის დაზღვეულის) ჩაბარება ხორციელდება გზავნილის მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  წარმოდგენისა და გზავნილის მიღების დასტურად მის მიერ სათანადო წესით ხელმოწერის განხორციელების შემდეგ.

7.1.10. იმ შემთხვევაში, თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ან კურიერს არავინ დახვდება ადრესატის მისამართზე, ან პირი (თუ ის არ არის უშუალოდ ადრესატი) უარს განაცხადებს ამანათის  მიღებაზე,  კურიერი დატოვებს შეტყობინებას, რომელშიც მიუთითებს საფოსტო სერვისცენტრის მისამართს, სადაც ადრესატს შეუძლია  მიაკითხოს ამანათს.

7.1.11. კურიერის მიერ შეტყობინების დატოვება ხორციელდება იმ პირისათვის, რომელიც დახვდება მას ადრესატის მისამართზე (თუ მისი ასაკი ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს). ყველა სხვა შემთხვევაში, კურიერი შეტყობინებას ტოვებს  იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ.ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია  შეტყობინების მისთვის დატოვება.

7.1.12. ადრესატი, რომელიც შეუკვეთავს დამატებით მომსახურებას - „ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“, მაგრამ ვერ მიიღებს ასეთ მომსახურებას „საქართველოს ფოსტა“-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (არ დახვდა მისამართზე, არასწორად მიუთითა მისამართი და ა.შ.), ვალდებული იქნება ამანათის სერვისცენტრიდან გატანამდე გადაიხადოს „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ გაწეული მომსახურების საფასური.

7.1.13. ამანათის ადრესატის  მისამართზე ჩაბარების სერვისი   „საქართველოს ფოსტა“-ს მიერ არ ხორციელდება,  თუ სერვისცენტრში ამანათი  მიღებულია დაზიანებით, ან ადგილი აქვს ამ რეგულაციის 3.7. პუნქტით განსაზღვრულ გარემოებას.

 

7.2.   ამანათის გადამისამართება

 

7.2.1. დამატებითი სერვისი „ამანათის გადამისამართება“-ს  არჩევის უფლება აქვს  გამგზავნს, წარმომდგენს და ადრესატს.

7.2.2. დამატებითი სერვისი „ამანათის გადამისამართება“ გულისხმობს გამგზავნის/წარმომდგენის  შესაძლებლობას შეცვალოს გაგზავნილი ამანათის ადრესატის ვინაობა და/ან მისამართი და ადრესატის შესაძლებლობას შეცვალოს მასზე დამისამართებული ამანათის მისამართი.

7.2.3. დამატებითი სერვისი „ამანათის გადამისამართება“ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ „ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარების“ სერვისთან ერთად.

7.2.4. „ამანათის გადამისამართების“ სერვისი არ ხორციელდება, თუ ამანათი  გადაცემულია კურიერისთვის ადრესატისთვის ჩაბარების მიზნით, ან უკვე ჩაბარებულია.

 

 

7.3. პირადად ადრესატისათვის ჩაბარება

7.3.1. დამატებითი სერვისი „პირადად ადრესატისათვის ჩაბარება“-ს არჩევის უფლება აქვს მხოლოდ ამანათის გამგზავნს.

7.3.2. პირადად ადრესატისთვის ჩაბარება გულისხმობს ამანათის მხოლოდ  იმ პირისთვის ჩაბარებას, ვისზეც დამისამართებულია იგი. ამანათი ასევე შეიძლება ჩაბარდეს ნებისმიერ სხვა პირს, თუ ის წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას გაცემულს ადრესატის მიერ, სადაც  გამოხატული იქნება ადრესატის ნება ასეთი ამანათის მინდობილობაში აღნიშნული პირისთვის ჩაბარების შესახებ.

 

7.4.   ამანათი - ჩაბარების დასტურით

 

7.4.1. დამატებითი სერვისი „ამანათი-ჩაბარების დასტურით“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს.

7.4.2. „ამანათი  ჩაბარების დასტურით“ გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას ამანათის  გაგზავნისას მოითხოვოს მისი ჩაბარების/ჩაუბარებლობის შესახებ ინფორმაციის უკან მიღება.

7.4.3. ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის ჩაბარება ხორციელდება ამანათის  ადრესატისთვის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.  ამასთან ჩაბარების დასტურის გადაცემა ხორციელდება:

Ø  სერვისცენტრში მოკითხვამდე პირობით - თუ ამანათის გამგზავნი ფიზიკური პირია;

Ø  გამგზავნის მისამართზე -  თუ გამგზავნი იურიდიული პირია.

7.4.4. იმ შემთხვევაში, თუ „საქართველოს ფოსტა“-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოხდა ჩაბარების დასტურის გამგზავნისთვის გადაცემა  15 კალენდარული  დღის ვადაში,  ის    გადაეცემა „საქართველოს ფოსტა“-ს შესაბამის სამსახურს, დადგენილი ვადით დაარქივებისა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მისი განადგურებისათვის.

 

7.5.ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ

7.5.1. დამატებითი სერვისი „ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების  ფაქტის დადასტურების შესახებ“ არჩევის უფლება აქვს ამანათის გამგზავნს, ადრესატს, წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე მათ კანონიერ წარმომადგენელს,  აგრეთვე ამანათის უშუალოდ ჩამბარებელ  პირს ან გზავნილის წარმომდგენს.

7.5.2. ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების  ფაქტის დადასტურების შესახებ“ გულისხმობს მომხმარებლის (გამგზავნის/ადრესატის, წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე მათი კანონიერი წარმომადგენლის,  აგრეთვე ამანათის უშუალოდ ჩამბარებელი  პირის ან გზავნილის წარმომდგენის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას გაგზავნილი/ჩაბარებული ამანათის  შესახებ.

7.5.3. განცხადებას ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ თან უნდა ახლდეს: ინფორმაციის მომთხოვნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების ღირებულების  გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი, ხოლო თუ ინფორმაციის მომთხოვნი პირი არ არის გამგზავნი, გზავნილის წარმომდგენი, ადრესატი  ან გზავნილის უშუალოდ ჩამბარებელი პირი, აგრეთვე სათანადო წესით შედგენილი რწმუნებულება.

7.5.4. ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მომართვის დღემდე განვლილ 1 (ერთ) წლიან პერიოდზე. თუ მოთხოვნილია ინფორმაცია, რომელიც შეეხება უფრო ხანგრძლივ პერიოდს, კომპანიას უფლება აქვს გასცეს ამგვარი ინფორმაცია, თუ დაცული მონაცემები იძლევა ამის საშუალებას.

7.5.5. მომხმარებელს საშუალება აქვს ერთი განცხადებით მოითხოვოს ინფორმაცია 5 (ხუთ) გზავნილზე, ან ინფორმაციის მოძიება ერთ თვიან პერიოდზე თუ მომხმარებელი ფიზიკური პირია და 15 დღიან პერიოდზე - თუ მომხმარებელი იურიდიული პირია. ერთ განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაიცემა ერთ დოკუმენტად.

7.5.6. ინფორმაციის გაცემა ხორციელდება კომპანიის მიერ შესაბამისი განცხადების მიღების დღის მომდევნო დღიდან  7(შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც ის ეგზავნება მომართვის ავტორს, ამ უკანასკნელის მიერ შერჩეული გზით (მითითებულ მისამართზე ან გაიცემა  სერვისცენტრიდან).

 

7.6.ამანათი ფასდადებით

7.6.1. თუ ამანათის გამგზავნს ფიზიკური პირი წარმოადგენს, მას საშუალება აქვს ადრესატს, თუ ის ასევე ფიზიკური პირია (იურიდიულ პირთან ფასდადებით ამანათი არ იგზავნება),  ამანათი გაუგზავნოს ფასდადებით.  გამგზავნს საშუალება აქვს ფასდადების პირობით ისარგებლოს ადგილობრივი ამანათის დამატებითი სერვისების არჩევის შემთხვევაშიც,  გარდა ამანათის დაზღვევით გაგზავნისა.

7.6.2. ამანათი ფასდადებით გულისხმობს შესაძლებლობას ამანათი გაიგზავნოს მისი გაგზავნის, ასევე არჩეული დამატებითი სერვისების ღირებულების წინასწარ გადახდის გარეშე, აღნიშნული ღირებულების ადრესატის მიერ გადახდის პირობით.

7.6.3. ფასდადებით გაგზავნილი ამანათის ღირებულების ადრესატის მიერ გადაუხდელობის  შემთხვევაში, ამანათი ადრესატს არ ბარდება და ბრუნდება უკან გამომგზავნთან. ამ შემთხვევაში, გამომგზავნის მიერ გაგზავნის ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, ამანათი მისი სერვისცენტრში შენახვის ვადის გასვლის შემდეგ გადადის „საქართველოს ფოსტის“ საკუთრებაში.

 

 

7.7.ამანათი დაზღვევით

7.7.1 .გამგზავნს შესაძლებლობა აქვს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ დააზღვიოს ამანათის შიგთავსი მთლიანი/ნაწილობრივი დაზიანებისგან ან დაკარგვისგან. აკრძალული ნივთების დაზღვევა დაუშვებელია.

7.7.2 .ამანათის დაზღვევა შესაძლებელია არაუმეტეს მისი რეალური ღირებულებით.

7.7.3 .ამანათის დაზღვევის მიზნით, გამგზავნი ვალდებულია წარმოადგინოს ამანათის შიგთავსის ჩამონათვალი მათი ღირებულების მითითებით. თუ შიგთავსში არსებული ნივთის ღირებულება აღემატება 500 (ხუთას) ლარს, გამგზავნი ასევე ვალდებულია ასეთი ნივთის დაზღვევის მიზნით წარმოადგინოს მისი ღირებულების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (შესყიდვის საბუთი, საექსპერტო დასკვნა და ა.შ.).

7.7.4 .ამანათის დაზღვევამდე ხორციელდება შიგთავსის დათვალიერება და მისი შედარება გამგზავნის მიერ  წარმოდგენილ ჩამონათვალთან. 

   

   მუხლი 8. „საქართველოს ფოსტისპასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

 

8.1. „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება იმ პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით  (განზრახვით ან დაუდევრობით) იქნება  გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს ამ დოკუმენტით  განსაზღვრული  მაქსიმალური ზღვარისა. ამასთან, მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი.

8.2. „საქართველოს ფოსტა“  მატერიალურ პასუხისმგებლობას იღებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მისი ბრალით, ადგილობრივი ამანათის (მათ შორის დაზღვეული):

Ø დაკარგვით;

Ø შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანებით;

Ø  კომპანიის შეცდომით უკან, გამგზავნისათვის დაბრუნებით;

8.3. „საქართველოს ფოსტის“ პასუხისმგებლობა ძალაშია, როდესაც:

8.3.1. ამანათი დაიკარგა.  ამასთან, ამანათი დაკარგულად ითვლება,  თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა პრეტენზიის მიღებიდან 15 (თხუთმეტ) სამუშაო დღეში.

8.3.2. ამანათის შიგთავსის დანაკლისი ან დაზიანება აღმოჩენილია მისი ადრესატისთვის გადაცემამდე, ან უშუალოდ მისი გადაცემის დროს;

8.3.3. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მისი   შიგთავსის დანაკლისი ან დაზიანება აღმოჩენილია - საფოსტო გზავნილის უკან გამგზავნისთვის ჩაბარებამდე,  ან უშუალოდ მისი ჩაბარების მომენტში.

8.4. „საქართველოს ფოსტა“-ს პასუხისმგებლობა  გამოირიცხება:

8.4.1. თუ ამანათი ჩაბარებულია „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;

8.4.2. იმ ამანათების მიმართ, რომელთა ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა გამგზავნისგან მიღებული არასწორი (არასრულყოფილი) ინფორმაცია.

8.4.3. დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების  დადგომის შემთხვევაში;

8.4.4. შემთხვევებში, როცა „საქართველოს ფოსტას“ არ შეუძლია განახორციელოს გზავნილების აღრიცხვა, სამსახურეობრივი დოკუმენტების დაუძლეველი ძალის  შედეგად  განადგურების გამო;

8.4.5. თუ საფოსტო გზავნილის დაკარგვა, მისი შიგთავსის არარსებობა, დაზიანება ან წონის სხვაობა გამოწვეულია გამგზავნის ბრალით ან დაუდევრობით (მათ შორის არასათანადო შეფუთვით), ან შიგთავსის  თვისებებით;

8.4.6. იმ საფოსტო გზავნილის მიმართ, რომელიც შეიცავს  გასაგზავნად აკრძალულ საგნებს;

8.4.7. იმ საფოსტო გზავნილის მიმართ, რომლის გაგზავნაც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობით (მაგ. თუ გზავნილი შეფუთული უნდა იყოს განსაზღვრული სახით ), ასეთი პირობის დაუცველობის შემთხვევაში.

8.4.8. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფო ორგანოების მიერ   გზავნილის დაკავების, განადგურების  ან მისი კონფისკაციის შემთხვევაში;

8.4.9. თუ ამანათის დაზღვევის შემთხვევაში, დაზღვევა განხორციელებულია იმაზე მეტ თანხად, ვიდრე გზავნილის რეალური ღირებულებაა (ამ შემთხვევაში ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ გზავნილის რეალური ღირებულება);

8.4.10. თუ ანაზღაურების მიღების მიზნით გამგზავნი არაკეთილსინდისიერად მოქმედებს;

8.4.11. თუ მომხმარებელმა რეკლამაციით არ მიმართა „საქართველოს ფოსტას“ ამანათის გაგზავნის დღის მომდევნო დღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

8.4.12. თუ საფოსტო გზავნილი გარეგნულად არ არის დაზიანებული, ხოლო წონის სხვაობა არ აღემატება 500გრ-ს.

 

8.5.ადგილობრივი  (მათ შორის დაზღვეული) ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“  ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით:

8.5.1. ამანათის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების შემთხვევაში:

        ამანათის გაგზავნის ღირებულებას + თითოეულ კილოგრამზე 5(ხუთი) ლარი.

8.5.2. დაზღვეული  ამანათის დაკარგვის, მისი შიგთავსის  მთლიანად  განადგურების შემთხვევაში - ფასგამოცხადებული თანხის ოდენობით;

8.5.3. ამანათის  შიგთავსის ნაწილობრივ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში - დაზიანებული ან დაკარგული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს მაქსიმალური ზღვარისა.

8.5.4. დაზღვეული გზავნილის შიგთავსის ნაწილობრივ დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში - დაზიანებული ან დაკარგული ფასეულობის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ფასგამოცხადებული თანხისა.

8.5.5. ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება  „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება „მომხმარებლის სახელმძღვანელოს“ IX კარის ნორმების შესაბამისად.

 

მუხლი 9. გამგზავნის  პასუხისმგებლობის მოცულობა და მისი გამომრიცხავი გარემოებები

 

9.1. გამგზავნს პასუხისმგებლობა ეკისრება „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლის სხეულის დაზიანების, სხვისი საფოსტო გზავნილების  ან/და  „საქართველოს ფოსტის“ ქონების დაზიანების გამო, თუ აღნიშნულის მიზეზი გახდა გამგზავნის მიერ:

ა) აკრძალული საგნების გაგზავნა;

ბ) დადგენილი წესების დარღვევით საფოსტო გზავნილის შეფუთვა;

9.2. გამგზავნის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, თუ ფოსტა გასაგზავნად მიიღებს ამანათს, რომელიც შეიცავს აკრძალულ საგნებს, ან შეფუთულია დადგენილი წესების დარღვევით.

9.3. თუ გამგზავნი  დაიცავს ამანათის გაგზავნისთვის დაწესებულ ყველა პირობას, ის პასუხს არ აგებს იმ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება „საქართველოს ფოსტის“ ბრალით, გზავნილის დამუშავების ან/და მისი ტრანსპორტირების დროს.

მუხლი 10. დასკვნითი დებულებები

 

10.1. თუ ამ დოკუმენტის რომელიმე დებულება ბათილია, მიუხედავად ბათილობის საფუძვლისა, ეს არ გამოიწვევს მთელი დოკუმენტის ბათილობას. ამ შემთხვევაში დოკუმენტის დარჩენილი დებულებები მოქმედებს ბათილი დებულების გარეშე.

10.2. ყველა ი საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დოკუმენტით,  რეგულირდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ დამტკიცებული „მომხმარებლის სახელმძღვანელოთი“.

10.3. ამ დოკუმენტში შეტანილი ყველა ცვლილება და დამატება ძალაში შედის მისი „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ხელმოწერისა და კომპანიის ვებ გვერდზე განთავსების დღიდან, თუ ცვლილებისა და დამატებების დოკუმენტი თავად არ შეიცავს მითითებას მისი ძალაში უფრო გვიანი თარიღით შესვლის შესახებ.

10.4. ამ დოკუმენტის  მუხლებს სათაურები წამძღვარებული აქვთ დოკუმენტის ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ისინი მხედველობაში არ მიიღებიან როგორც ამ დოკუმენტის რაიმე დებულების განმსაზღვრელნი, შემცვლელნი ან განმარტავნი.