User Manual

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 6. წერილობითი კორესპონდენციის დამატებითი სერვისები
მუხლი 22. ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ

22.1. დამატებითი სერვისი „ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების  ფაქტის დადასტურების შესახებ“ არჩევის უფლება აქვს გამგზავნს, ადრესატს, წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე მათ კანონიერ წარმომადგენელს,  აგრეთვე წერილობითი კორესპონდენციის უშუალოდ ჩამბარებელ  პირს, მხოლოდ რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო შემომავალი წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის/მიღების  შემთხვევაში.

22.2.ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების  ფაქტის დადასტურების შესახებ გულისხმობს მომხმარებლის (გამგზავნის/ადრესატის, წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე მათი კანონიერი წარმომადგენლის,  აგრეთვე წერილობითი კორესპონდენციის უშუალოდ ჩამბარებელი  პირის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას გაგზავნილი/ჩაბარებული წერილობითი კორესპონდენციის  შესახებ.

22.3.  განცხადებას ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ თან უნდა ახლდეს: ინფორმაციის მომთხოვნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების ღირებულების  გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი, ხოლო თუ ინფორმაციის მომთხოვნი პირი არ არის გამგზავნი, მიმღები ან გზავნილის უშუალოდ ჩამბარებელი პირი, აგრეთვე სათანადო წესით შედგენილი რწმუნებულება.

22.4.ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მომართვის დღემდე განვლილ 1 (ერთ) წლიან პერიოდზე. თუ მოთხოვნილია ინფორმაცია, რომელიც შეეხება უფრო ხანგრძლივ პერიოდს, კომპანიას უფლება აქვს გასცეს ამგვარი ინფორმაცია, თუ დაცული მონაცემები იძლევა ამის საშუალებას.

22.5. მომხმარებელს საშუალება აქვს ერთი განცხადებით მოითხოვოს ინფორმაცია 5 (ხუთ) გზავნილზე, ან ინფორმაციის მოძიება ერთ თვიან პერიოდზე თუ მომხმარებელი ფიზიკური პირია და 15 დღიან პერიოდზე - თუ მომხმარებელი იურიდიული პირია.

 

22.6. ინფორმაციის გაცემა ხორციელდება კომპანიის მიერ შესაბამისი განცხადების მიღების დღის მომდევნო დღიდან  7(შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც ის ეგზავნება მომართვის ავტორს, ამ უკანასკნელის მიერ შერჩეული გზით (მითითებულ მისამართზე - I კლასის ან 12/12 წერილის სახით, ან გაიცემა  სერვის ცენტრში).