სიახლეები

საქართველოს ფოსტამ მიმდინარე წლის სტრატეგიული გეგმები და გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო თანამშრომლებს

18 მარტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს ფოსტამ მთელი საქართველოს მასშტაბით გამართა შეხვედრები თანამშრომლებთან. შეხვედრების დროს კომპანიის მენეჯმენტმა თანამშრომლებთან განიხილა გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში და იმსჯელეს მიმდინარე წლის სტრატეგიულ გეგმებზე.

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ისაუბრა მიმდინარე წლის სტრატეგიულ გეგმებსა და გამოწვევებზე. როგორც მან აღნიშნა კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც სერვის ცენტრების გამტარუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. საქართველოს ფოსტის სერვისების მიმართ მკვეთრად გაზრდილმა მოთხოვნამ რიგ სერვის ცენტრებში გამოიწვია რიგები, რაც მომხმარებლის უკმაყოფილებას იწვევს, აღნიშნული მიმართულებით კომპანიაში შეიმუშავეს  რიგების მართვის ახალი სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს წინასწარ დაჯავშნოს ვიზიტი სერვის ცენტრში.

საქართველოს ფოსტა მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ჩვენ ყოველწლიურად აუმჯობესებ მომსახურების ხარისხს, ასევე მრავალფეროვანს და მომხმარებელზე მორგებულს ხდი საფოსტო პროდუქტებს. მიმდინარე წელს კომპანია გეგმავს რიგი სერვის ცენტრების განახლებას თბილისსა და რეგიონებში, ახალი სერვისების დანერგვას და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს“ - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

აღსანიშნავია საქართველოს ფოსტის  ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა, საერთაშორისო შეფასების სისტემის მიხედვით. კომპანიამ  როგორც ამანათის, ასევე EMS გზავნილების კატეგორიის ყველა კომპონენტში (ინფორმაციის გაცვლა, გზავნილის ჩაბარება და ..) გადააჭარბა 98%-იან ნიშნულს. რაც შეეხება რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებს 2018 წლის „Prime“-ის რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ფოსტა ხუთეულში შევიდა და გაასწრო მსოფლიოს ბევრ წამყვან საფოსტო ადმინისტრაციას. ასევე აუდიტორიული კომპანია PWC-ის 2018 წლის სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ფოსტამ მსოფლიო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა. „ტექნოლოგიურად განვითარებული, მომხმარებელზე ორიენტირებული, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი“ - ასე აფასებენ საქართველოს ფოსტას მსოფლიო საფოსტო კავშირის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი საფოსტო ოპერატორები.

გასულ წელს საქართველოს ფოსტა ფოკუსირებული იყო ელექტრონული კომერციის მიმართულებით პროდუქტებზე  „მალეო და ახლად დანერგილიქართული პროდუქტი მსოფლიოს“. „მალეო“- მიზანია ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. პროდუქტის დახმარებით საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა უცხოური ონლაინ მაღაზიებიდან. „ქართული პროდუქტი მსოფლიოსგახლავთ ელექტრონული კომერციის B2B მიმართულება, პლატფორმა ელექტრონული კომერციით დაკავებულ ადგილობრივ მეწარმეებს საშუალებას აძლევს საქართველოს ფოსტის სერვისის დახმარებით მოახდინონ მომხმარებლის მიერ ონლაინ რეჟიმში შეძენილი პროდუქტის მყიდველისთვის ჩაბარება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საქართველოს ფოსტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებას და ქართული წარმოების გაფართოებას, რაც ასევე დადებით გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური მიმართულებით საქართველოს რეგიონების განვითარებაზე.

საქართველოს ფოსტა წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით საქართველოში. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კომპანიის 82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს. საქართველოს ფოსტა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია, კომპანიაში დასაქმებულია 2 800-ზე მეტი კადრი. საქართველოს ფოსტა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც სისტემატურად ატარებს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგებს და დღეს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს.