მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 4. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 9. მარტივი წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს ტერიტორიაზე

9.1.       საფოსტო ბარათისა და წერილის ადრესატისათვის ჩაბარება

9.1.1.    საფოსტო ბარათისა და წერილის (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მარტივი გზავნილი“) ჩაბარების მიზნით, კურიერი ადრესატის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად ვიზიტს;

9.1.2.    თუ ადრესატის მისამართზე განთავსებულია სააბონენტო საფოსტო  ყუთი, გზავნილის ჩაბარება ხორციელდება მისი ასეთ ყუთში მოთავსების გზით;

9.1.3.    თუ ადრესატის მისამართზე არ  არის განთავსებული  სააბონენტო საფოსტო ყუთი, კურიერი შეეცდება მარტივი გზავნილი გადასცეს შესაბამის მისამართზე მყოფ ნებისმიერ პირს, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს;

9.1.4.    თუ კურიერმა ვერ შეძლო მარტივი გზავნილის ადრესატის მისამართზე მყოფი პირისათვის ჩაბარება (არავინ დახვდა მისამართზე, არ  გაუღეს კარი და ა.შ.), ის მარტივ გზავნილს სპეციალური წებოვანი ლენტის გამოყენებით ამაგრებს ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილზე.

9.1.5.    თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.) ან, თუ მარტივი გზავნილის დატოვება მისი უსაფრთხოების  მიზნიდან გამომდინარე, დაუშვებელია (იხ. ქვეპუნქტი 9.1.6.), ის მარტივი გზავნილის შესახებ შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. სადარბაზოს კარი გარედან, ადრესატის კარი, მათ შორის, თუ ის მდებარეობს ქუჩის პირას), ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება;

 

9.1.6.    მარტივი გზავნილის დატოვება არ ხდება:

     მეზობლისთვის ან სხვა გარეშე პირისთვის,  თუ ეს  პირი უშუალოდ ადრესატის მისამართზე (ბინაში, ოფისში) არ დახვდა კურიერს;

     ადრესატის კარზე, თუ ეს კარი მდებარეობს ქუჩის ან/და  ეზოს  პირას (გარდა ე.წ. იტალიური ეზოს შიგნით განთავსებული ბინებისა);

     ისეთ ადგილებში, სადაც კლიმატური პირობების ცვლილებამ  შესაძლებელია გამოიწვიოს მარტივი გზავნილის დაზიანება;

 

9.2.       მცირე პაკეტის ადრესატისათვის ჩაბარება

9.2.1.    მცირე პაკეტის ჩაბარების მიზნით, კურიერი  შეტყობინებას  - ადრესატის სახელზე მცირე პაკეტის არსებობის შესახებ  ათავსებს ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინებას ტოვებს ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილზე;

9.2.2.    შეტყობინება ასევე ჩაბარებულად  ითვლება, თუ ის კურიერის მიერ გადაცემულია ადრესატის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს;

9.2.3.    თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ის შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. სადარბაზოს კარი გარედან, ადრესატის კარი, მათ შორის, თუ ის მდებარეობს ქუჩის პირას), ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება;

9.2.4.    თუ მცირე პაკეტის შიგთავსს ბეჭდვითი გამოცემა წარმოადგენს, მისი ჩაბარება ხორციელდება 9.1. პუნქტით განსაზღვრული  წესით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ასეთი გზავნილის წონის გათვალისწინებით, ბეჭდვითი გამოცემის განთავსება შესაძლებელია  ადრესატის კართან მისი წებოვანი ლენტით კარზე მიმაგრების გარეშე.

9.2.5.    თუ მარტივ მცირე პაკეტზე დატანილია ადრესატის ტელეფონის ნომერი, 9.2.1.-9.2.3. პუნქტებით განსაზღვრული შეტყობინების დატოვების ნაცვლად შესაძლებელია განხორციელდეს მითითებულ ტელეფონის ნომერზე  SMS შეტყობინების გაგზავნა. SMS შეტყობინება შეიცავს მითითებას ადრესატისთვის,  თუ როდის და სად უნდა მიიღოს მან მცირე პაკეტი.

9.3.       M ტომრის ადრესატისათვის ჩაბარება

9.3.1.    საერთაშორისო შემომავალი M ტომრის ადრესატისათვის ჩაბარება ხორციელდება ამ მუხლის 9.2.1.-9.2.3 და 9.2.5. ქვეპუნქტებში აღნიშნული წესების შესაბამისად.