მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი X. საერთო დებულებები / თავი 23. აკრძალვები და შეზღუდვები
მუხლი 73. აკრძალვები და შეზღუდვები საფოსტო გზავნილის შიგთავსის მიმართ

73.1. საფოსტო გზავნილით აკრძალულია შემდეგი საგნების, ნივთიერებების, ცხოველების, პროდუქტების ან მასალების გაგზავნა:

73.1.1.  ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები;

73.1.2.  რადიაქტიური ნივთიერებანი;

73.1.3.  ფეთქებადი, აალებადი, ტოქსიკური, ბიოლოგიური, ინფექციური და სხვა საშიში ნივთიერებანი;

73.1.4.  იარაღი, არააღჭურვილი ფეთქებადი მოწყობილობები და საბრძოლო მასალები, მათ შორის არააღჭურვილი ყუმბარები, ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, აგრეთვე ასეთი მოწყობილობებისა და საგნების მულაჟები;

73.1.5.  საგნები, რომლებსაც კავშირი აქვს პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან;

73.1.6.  ცოცხალი ცხოველები;

73.1.7.  ფულის ნიშნები, საბანკო და საკრედიტო ბარათები, დაუმუშავებელი პლატინა, ოქრო და ვერცხლი ან/და მათი ნაკეთობანი, ძვირფასი ქვები და სხვა ძვირფასი ნივთები;

73.1.8.  საგნები, რომელთა იმპორტის ან ექსპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა გათვალისწინებულია  კანონმდებლობით;

73.1.9.  კონტრაფაქტული ან მეკობრული საგნები;

73.1.10. საგნები, რომლებიც თავიანთი ხასიათით ან შეფუთვით შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს „საქართველოს ფოსტის“ და სატრანსპორტო გადამზიდავთა თანამშრომლებისათვის,  საშუალებებისთვის  ან  მოსახლეობისათვის, აბინძურებდეს ან აფუჭებდეს სხვა გზავნილებს, კომპანიის მოწყობილობებს ან მესამე პირის საკუთრებას;

73.1.11. გზავნილები, რომლებიც იგზავნება თაღლითობის ხელშესაწყობად ან გადასახდელი თანხის სრულად გადახდის თავიდან აცილების მიზნით;

73.1.12. მალფუჭებადი პროდუქტი.

73.2.     ამ მუხლის პუნქტი 73.1.-ში აღნიშნულის გარდა,  საერთაშორისო გამავალ საფოსტო გზავნილებში დაუშვებელია აგრეთვე ისეთი ნივთიერებების, საგნების, ცხოველების, პროდუქტების და მასალების ჩადება, რომლებიც აკრძალულია საფოსტო გზავნილის ადრესატის ქვეყანაში ან აკრძალულია საერთაშორისო ხელშეკრულებით;

73.3.     თუ საფოსტო გზავნილის შიგთავსის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია დამატებითი დოკუმენტის  (ნებართვის) წარდგენის ვალდებულება,  ასეთი გზავნილის გაგზავნა ხორციელდება გამგზავნის მიერ მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის  შემდეგ. „საქართველოს ფოსტა“  უფლებამოსილია  დააკავოს  ნებისმიერი საფოსტო  გზავნილი, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი,  რომ გზავნილი შეიძლება შეიცავდეს ამ მუხლის 73.1. და 73.2. პუნქტებით გათვალისწინებულ აკრძალულ საგნებს, ნივთიერებებს, მასალებს, ცხოველებს ან პროდუქტებს. ასეთ შემთხვევაში, „საქართველოს ფოსტა“ საფოსტო გზავნილს გადასცემს  შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და მომხმარებლის წინაშე პასუხს არ აგებს ასეთი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

 

 
მუხლი 73. აკრძალვები და შეზღუდვები საფოსტო გზავნილის შიგთავსის მიმართ