მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IX. გადაწყვეტილების მიღება ზიანის ანაზღაურების თაობაზე / თავი 20. ზიანის ანაზღაურება
მუხლი 66. ზიანის ანაზღაურების წესი

66.1. „საქართველოს ფოსტის“ მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ასეთი ანაზღაურება ხორციელდება გადაწყვეტილების მიღებიდან 5(ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

66.2. როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი საფოსტო გზავნილების მიმართ ანაზღაურება წარმოებს ლარებში, გადახდის დღეს დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად.

66.3. „საქართველოს ფოსტა“ როგორც  წესი ანაზღაურებას ახორციელებს გამგზავნის მიმართ, რომელსაც უფლება აქვს ანაზღაურების მიღების უფლება დაუთმოს ადრესატს, თუ ამის შესახებ წერილობითი ფორმით აცნობებს „საქართველოს ფოსტას“. როგორც  გამგზავნს, ასევე ადრესატს, უფლება აქვთ ანაზღაურების მიღების უფლება დაუთმონ მესამე პირს, თუ ამის შესახებ წერილობით აცნობებენ „საქართველოს ფოსტას“. წერილობითი ინფორმაცია ანაზღაურების მიღების უფლების დათმობის თაობაზე „საქართველოს ფოსტას“  წარედგინება ორიგინალი დოკუმენტის ან ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით.

66.4. „საქართველოს ფოსტა“ პუნქტი 66.3.-ში დადგენილი პროცედურების გარეშე ახორციელებს  ანაზღაურებას ადრესატის მიმართ, თუ ანაზღაურება  შეეხება ელექტრონული კომერციის გზავნილებთან დაკავშირებულ ზიანს, აგრეთვე ზიანს, რომელიც დადგა საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილის „საქართველოს ფოსტისთვის“ გადმოცემის შემდეგ.

66.5. ანაზღურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების  სახით, თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

66.6. თუ ანაზღაურების გადახდის შემდეგ, დაკარგული საფოსტო გზავნილი ან მისი ნაწილი ნაპოვნი იქნება, „საქართველოს ფოსტა“ ამის შესახებ აცნობებს პირს, რომელსაც აუნაზღაურდა დანაკარგი და განუმარტავს, რომ   მას ერთი თვის განმავლობაში უფლება აქვს  მიღებული ანაზღაურების უკან დაბრუნების სანაცვლოდ მიიღოს ნაპოვნი გზავნილი. თუ პირი, რომელსაც აუნაზღაურდა დანაკარგი, „საქართველოს ფოსტისგან“ შეტყობინების მიღების დღიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში არ აცნობებს მას საკუთარი სურვილის შესახებ, დაიბრუნოს ნაპოვნი საფოსტო გზავნილი, „საქართველოს ფოსტა“ ასეთივე შეტყობინებას უგზავნის საფოსტო გზავნილის გამგზავნს ან ადრესატს (პირს, რომელსაც არ მიუღია ანაზღაურება) და მასაც აძლევს პასუხის გაცემისთვის იმავე ვადას.

66.7. თუ გამგზავნი და ადრესატი უარს აცხადებენ ნაპოვნი საფოსტო გზავნილის მიღებაზე ან პუნქტ 66.6.-ში დადგენილ ვადაში არ აცნობებენ „საქართველოს ფოსტას“ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, ნაპოვნი საფოსტო გზავნილი გადადის „საქართველოს ფოსტის“, ან სხვა იმ პირის (საერთაშორისო საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) საკუთრებაში, რომლის ხარჯზეც გაცემულ იქნა ანაზღაურება საფოსტო გზავნილის სრულად ან მისი ნაწილის დაკარგვის გამო.

 
მუხლი 66. ზიანის ანაზღაურების წესი