მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი VI. AVIA გზავნილი / თავი 13. AVIA გზავნილის მიღება/გაგზავნა
მუხლი 49. AVIA გზავნილის მიღება/გაგზავნა

49.1. „საქართველოს ფოსტა“  ახორციელებს  AVIA  გზავნილის საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლისგან მიღებას მათი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაგზავნისა და ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით.

49.2. გამგზავნი (გზავნილის წარმომდგენი) საერთაშორისო AVIA გზავნილის გაგზავნას ახორციელებს  „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის ან კურიერის მეშვეობით. გასაგზავნად მიღებულ AVIA  გზავნილს „საქართველოს ფოსტა“ ანიჭებს მაიდენტიფიცირებელ კოდს და უთითებს მისი მიღების თარიღს.

49.3. გამგზავნს (გზავნილის წარმომდგენს) საერთაშორისო AVIA გზავნილის გაგზავნის საშუალება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ დეკლარირებულ ქვეყნებში. AVIA  გზავნილის შიგთავსი შეიძლება იყოს როგორც  დოკუმენტები, ასევე საქონელი. ამასთან, AVIA გზავნილის გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომლებიც არსებობს როგორც  საქართველოდან ექსპორტის,  ასევე, მიმღებ ქვეყანაში იმპორტისას.

49.4. გამგზავნი ვალდებულია AVIA გზავნილის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინ- ფორმაცია ადრესატის ვინაობის, მისი ზუსტი მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის ჩათვლით, აგრეთვე ინფორმაცია გზავნილის შიგთავსის შესახებ. თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია, ასევე, სავალდებულოა შიგთავსის აღწერილობისა და ფასის მითითება.

49.5. AVIA გზავნილი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს, მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშნვას ასეთის შესახებ.