მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 12. EMS გზავნილის დამატებითი სერვისები
მუხლი 45. ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ

45.1. დამატებითი სერვისის „ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების  ფაქტის დადასტურების შესახებ“ არჩევის უფლება აქვს EMS გზავნილის გამგზავნს, ადრესატს, წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე მათ კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე EMS გზავნილის უშუალოდ ჩამბარებელ პირს ან გზავნილის წარმომდგენს, მხოლოდ შემომავალი EMS გზავნილის შემთხვევაში.

45.2. „ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების განხორციელების  ფაქტის დადასტურების შესახებ“  გულისხმობს მომხმარებლის (გამგზავნის/ადრესატის, წერილობითი რწმუნებულების საფუძველზე მათი კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე  EMS გზავნილის უშუალოდ ჩამბარებელი პირის ან გზავნილის წარმომდგენის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მისთვის ამავე ფორმით ინფორმაციის მიწოდებას გამოგზავნილი/ჩაბარებული  EMS გზავნილის შესახებ.

45.3. განცხადებას ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ თან უნდა ახლდეს:  ინფორმაციის მომთხოვნი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი, ხოლო, თუ ინფორმაციის მომთხოვნი პირი არ არის გამგზავნი, გზავნილის წარმომდგენი, ადრესატი ან გზავნილის უშუალოდ ჩამბარებელი პირი, აგრეთვე სათანადო წესით შედგენილი რწმუნებულება.

45.4. ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მომართვის დღემდე განვლილ 1 (ერთ) - წლიან პერიოდზე.  თუ მოთხოვნილია  ინფორმაცია, რომელიც შეეხება უფრო ხანგრძლივ პერიოდს, კომპანიას უფლება აქვს გასცეს ამგვარი ინფორმაცია, თუ დაცული მონაცემები იძლევა ამის საშუალებას.

45.5.  მომხმარებელს საშუალება აქვს ერთი განცხადებით მოითხოვოს ინფორმაცია 5 (ხუთ) გზავნილზე, ან ინფორმაციის მოძიება ერთთვიან პერიოდზე, თუ მომხმარებელი ფიზიკური პირია და 15 - დღიან პერიოდზე - თუ მომხმარებელი იურიდიული პირია. ერთ განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაიცემა ერთი დოკუმენტად.

45.6. ინფორმაციის გაცემა ხორციელდება კომპანიის მიერ შესაბამისი განცხადების მიღების დღის მომდევნო დღიდან 7(შვიდი) სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც ის ეგზავნება მომართვის ავტორს, ამ უკანასკნელის მიერ შერჩეული გზით (მითითებულ მისამართზე - I კლასის ან 12/12 წერილის სახით ან გაიცემა  სერვისცენტრში).