მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 11. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 42. EMS გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს ტერიტორიაზე

42.1. EMS გზავნილის ჩაბარების მიზნით კურიერი ადრესატის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად ვიზიტს.

42.2. თუ EMS გზავნილი დამისამართებულია ფიზიკური პირისთვის, ის შეიძლება ჩაბარდეს როგორც უშუალოდ ადრესატს, ასევე სრულწლოვან პირს, რომელიც დახვდება კურიერს ადრესატის მისამართზე და განაცხადებს, რომ ცხოვრობს/ მუშაობს  ადრესატთან ერთად და თანახმაა გადასცეს EMS გზავნილი ადრესატს.

42.3. თუ EMS გზავნილი  არ არის დამისამართებული ფიზიკური პირისთვის, მისი ჩაბარება  ხორციელდება კანცელარიაში,  ან ასეთივე დანიშნულების  სტრუქტურულ ერთეულში, ან ის გადაეცემა ასეთ ორგანიზაციაში მომუშავე პირს. ამასთან, თუ EMS გზავნილის ადრესატია ორგანიზაცია, რომლის მისამართადაც მითითებულია საცხოვრებელი ბინა/სახლი, ასეთ მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი პირისათვის გადაცემული EMS გზავნილი ითვლება სათანადო წესით ჩაბარებულად,  თუ ასეთი პირი კურიერს განუცხადებს, რომ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

42.4. EMS გზავნილის ჩაბარება ხორციელდება გზავნილის მიმღები პირის პირადო- ბის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებე- ლი საბუთის) წარმოდგენისა და გზავნილის მიღების დასტურად მის მიერ სათანადო წესით ხელმოწერის განხორციელების შემდეგ.

42.5. გზავნილის მიმღები პირი უფლებამოსილია გზავნილის მიღების დასტურად ხელმოწერამდე მოახდინოს მისი გარეგნული დათვალიერება, ხოლო, თუ დათვალიერებისას აღმოაჩენს  შეფუთვის მთლიანობის დარღვევას, განუცხადოს ამის შესახებ კურიერს.  კურიერი ვალდებულია სათანადო აღნიშვნა გააკეთოს გზავნილის თანხმლებ დოკუმენტებში და ხელი მოაწერინოს მას. ასეთი გზავნილი თანხმლებ დოკუმენტებთან ერთად კურიერის მიერ გადაეცემა ადრესატის მისამართის მიხედვით უახლოეს სერვისცენტრს, სადაც  ადრესატი უფლებამოსილია 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში გამოცხადდეს და მიიღოს გზავნილი „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილი პროცედურების  შესაბამისად.

42.6.   იმ შემთხვევაში, თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ან კურიერს არავინ დახვდება ადრესატის მისამართზე ან პირი (თუ ის არ არის უშუალოდ ადრესატი) უარს განაცხადებს გზავნილის მიღებაზე, კურიერი დატოვებს შეტყობინებას, რომელშიც მიუთითებს საფოსტო სერვისცენტრის მისამართს, სადაც ადრესატს შეუძლია მიაკითხოს EMS გზავნილს.

42.7.     კურიერის მიერ შეტყობინების დატოვება ხორციელდება იმ პირისათვის, რომელიც დახვდება მას ადრესატის მისამართზე  (თუ მისი ასაკი ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს) და თანხმობას განაცხადებს შეტყობინების დატოვებაზე. ყველა სხვა შემთხვევაში, კურიერი შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან, თუ შენობას  ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება.

42.8.  თუ EMS გზავნილი  შეიცავს ადრესატის ტელეფონის ნომერს, შეტყობინების მატერიალურ ფორმატში დატოვების ნაცვლად  ან მასთან ერთად, შესაძლებელია ამ ტელეფონის ნომერზე SMS შეტყობინების გაგზავნა. SMS შეტყობინების ტექსტი უნდა შეიცავდეს  ადრესატისთვის ინფორმაციას, თუ  როდის და სად შეუძლია მას EMS გზავნილის მიღება.

42.9.   ის EMS გზავნილი, რომელზეც დატოვებულია შეტყობინება (მათ შორის SMS შეტყობინება), ინახება სერვისცენტრში   მისი   მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადაში ადრესატს, მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან პირს რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ  საბუთს) და EMS გზავნილის კოდს, უფლება აქვს გაიტანოს ასეთი გზავნილი სერვისცენტრიდან.

42.10.   მოუკითხავი EMS გზავნილი, რომელსაც გაუვა 42.9. პუნქტით აღნიშნული შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან გამომგზავნთან. ამასთან, ის EMS გზავნილი, რომლის   ჩაბარებაზეც უარი განაცხადა ადრესატმა, დაუყოვნებლივ დაბრუნდება უკან შენახვის 15-დღიანი ვადის დაუცველად.