მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი V . EMS გზავნილი / თავი 11. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 41. EMS გზავნილის მიღება/გაგზავნა

41.1. „საქართველოს ფოსტა“  ადრესატისათვის ჩაბარების  მიზნით ახორციელებს EMS გზავნილის:

41.1.1.  სხვა სახელმწიფოს საფოსტო ადმინისტრაციებიდან მიღებას მათი ადრესატებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ჩაბარების მიზნით;

41.1.2.  საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლისგან მიღებას მისი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაგზავნისა და ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით.

41.2. ქვეყანაში შემომავალი EMS გზავნილის მიღება „საქართველოს ფოსტის“ მიერ ხორციელდება საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრში, რის შემდეგაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება ამ დოკუმენტით განსაზღვრულ  ვადებში გარკვეული და წესით.

41.3 გამგზავნი (გზავნილის წარმომდგენი), საერთაშორისო გამავალი EMS გზავნილის გაგზავნას ახორციელებს  „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის ან კურიერის მეშვეობით. გასაგზავნად მიღებულ EMS გზავნილს „საქართველოს ფოსტა“ ანიჭებს  მაიდენტიფიცირებელ კოდს და უთითებს მისი მიღების თარიღს.

41.4. გამგზავნს (გზავნილის წარმომდგენს), საერთაშორისო გამავალი EMS გზავნილის გაგზავნის საშუალება აქვს მხოლოდ „საქართველოს  ფოსტის“ მიერ დეკლარირებულ ქვეყნებში. ამასთან, EMS გზავნილის გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომლებიც არსებობს როგორც  საქართველოდან ექსპორტის, ასევე, მიმღებ ქვეყანაში იმპორტისას.

41.5. EMS გზავნილის შიგთავსი შეიძლება იყოს როგორც დოკუმენტები, ასევე - საქონელი. გამგზავნი ვალდებულია EMS გზავნილის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ადრესატის ვინაობის, მისი ზუსტი მისამართისა და საკონტაქტო ტელეფონის ჩათვლით, აგრეთვე ინფორმაცია გზავნილის შიგთავსის შესახებ. თუ გზავნილის შიგთავსი საქონელია, ასევე,  სავალდებულოა შიგთავსის აღწერილობისა და ფასის მითითება.

41.6. EMS გზავნილი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს,  მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშნვას ასეთის შესახებ.