მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი I . ზოგადი დებულებები / თავი 2. ტერმინები და განმარტებები
მუხლი 4. გამოყენებული ტერმინები

4.1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

4.1.1. საფოსტო გზავნილი -  წერილობითი კორესპონდენცია, ამანათი, EMS  და AVIA გზავნილი, რომელიც  მიიღება ან/და ბარდება  „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით.

4.1.2. წერილობითი კორესპონდენცია - საფოსტო გზავნილის სახეობა, რომელსაც მიეკუთვნება საფოსტო ბარათი; წერილი (მათ შორის - ჰიბრიდული წერილი); მცირე პაკეტი და M ტომარა.

4.1.3. საფოსტო ბარათი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომელიც წარმოადგენს მყარი ქაღალდის ან მუყაოსგან დამზადებულ სპეციალურ ბლანკს, განკუთვნილს წერილობითი ტექსტის განსათავსებლად და იგზავნება/ბარდება ღია სახით, კონვერტის გარეშე.

 

•    საფოსტო ბარათის წონა: 20გრ-მდე.

•    საფოსტო ბარათის ზომა: მინიმალური 90X140 მმ; მაქსიმალური - 120X235მმ;

 

  საფოსტო ბარათი, რომლის ზომა ან წონა აღემატება მაქსიმალურ ზღვარს, აგრეთვე დაკეცილი და პერფორირებული საფოსტო ბარათები  იგზავნება მხოლოდ დახურული სახით - კონვერტით და ჩაითვლება წერილად.

 

4.1.4. წერილი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომელიც შეიცავს ქაღალდზე დატანილ ტექსტს ან/და დოკუმენტს და იგზავნება/ბარდება  დახურული სახით, კონვერტით;

 

•    წერილის წონა:  250გრ-მდე;

•    წერილის ზომა: მინიმალური 90X140 მმ; მაქსიმალური - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 5მმ.

 

  წერილი, რომლის ზომა ან წონა აღემატება მაქსიმალურ ზღვარს, მაგრამ არ სცილდება 4.1.6. ქვეპუნქტში აღნიშნულ წონისა და ზომის ზღვარს, ჩაითვლება მცირე პაკეტად.

 

4.1.5. ჰიბრიდული წერილი - წერილის სახეობა, რომელიც მიიღება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ხდება მისი მატერიალურ ფორმატში (ქაღალდზე) გადატანა და, გამგზავნის სურვილის შესაბამისად, მისი ღია(უკონვერტოდ) ან დახურული (კონვერტით) სახით ჩაბარება ადრესატისათვის.

 

•    ჰიბრიდული წერილის წონა: 100 გრ-მდე;

•    ჰიბრიდული წერილის  ზომა:   მინიმალური   90X140 მმ;   მაქსიმალური - 240X340მმ; ფურცლის მაქსიმალური რაოდენობა: 15ცალი.

 

4.1.6. მცირე პაკეტი - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიცავს როგორც  ქაღალდზე დატანილ ბეჭდვით მასალებს, ხელნაწერებს, დოკუმენტებსა და ფოტოსურათებს, ასევე, ნივთებს, თუ მათი მცირე პაკეტის სტატუსით გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, მიმღები ქვეყნის ან „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილ წესებს.

 

მცირე პაკეტის წონა: 2კგ-მდე (გამონაკლისია 5კგ-მდე წონის ურღვევი წერილობითი კორესპონდენცია).

მცირე პაკეტის ზომა: მინიმალური  90X140 მმ;  მაქსიმალური - 240X340მმ; მაქსიმალური სისქე: 50მმ.

 

  მცირე პაკეტი, რომლის ზომა ან წონა აღემატება მაქსიმალურ ზღვარს, მაგრამ არ სცილდება 4.1.8. ქვეპუნქტში აღნიშნულ წონისა და ზომის ზღვარს, ჩაითვლება ამანათად.

 

4.1.7. M ტომარა - წერილობითი კორესპონდენციის სახეობა, რომელიც შეიცავს ერთ ადრესატზე დამისამართებულ წიგნებს, გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს და სხვა მსგავს პროდუქციას.

 

•    M ტომრის წონა: 30კგ-მდე.

•    M ტომრის გარშემოწერილობა -120სმ.

 

4.1.8. ამანათი-საფოსტო გზავნილის სახეობა, რომლის შიგთავსიც შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი (საქონელი),  თუ მისი გაგზავნა/მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, დანიშნულების ქვეყნისა და შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ დადგენილ წესებს.

 

•    ამანათის წონა:

     საერთაშორისო შემომავალი, აგრეთვე ადგილობრივი ამანათისთვის - 30კგ-მდე.

     საერთაშორისო გამავალი ამანათისთვის - მიმღები ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 30კგ-ისა.

 

ამანათის ზომა: 1.05მX1.05მX1.05მ (ან 2მ. სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშე- მოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 

4.1.9. სახმელეთო ამანათი - ამანათის სახეობა, რომელსაც „საქართველოს ფოსტა“ იღებს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და ადრესატისათვის ჩაბარებას საქართველოს ტერიტორიაზე.

 

•    სახმელეთო ამანათის წონა: 30კგ-მდე.

•    სახმელეთო ამანათის მოცულობა: არ უნდა აღემატებოდეს 1მ3.

 

4.1.10.  ამანათი სასჯელაღსრულების  დაწესებულებისათვის - ამანათის სახეობა, რომელიც განკუთვნილია  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  მოთავსებული პირისთვის (ადრესატისთვის), შიგთავსი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნივთებისგან.

 

 

 

•    სასჯელაღსრულების ამანათის წონა: არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40კგ-ს.

 

4.1.11.  EMS გზავნილი - გზავნილის სახეობა, რომელიც გულისხმობს გზავნილის მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას, გადაზიდვასა და ადრესატისთვის ჩაბარებას დაჩქარებულად - შესაძლო მოკლე ვადებში, მისი შიგთავსის დაზღვევა შესაძლებელია გამგზავნის მიერ გამოცხადებული, მაგრამ არა უმეტეს შიგთავსის რეალური ღირებულების მიხედვით. დაზღვევის თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 000 ლარს.

 

 

•     EMS:

     საერთაშორისო შემომავალი EMS გზავნილისთვის - 30კგ-მდე.

     საერთაშორისო გამავალი EMS გზავნილისთვის - მიმღები ქვეყნის საფოსტო

ადმინისტრაციის მიერ დადგენილი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 30კგ-ისა.

 

EMS: 1.05მX1.05მX1.05მ (ან 2მ. - სიგრძისა და ყველაზე დიდი გარშემოწერილობის ჯამისათვის, რომელიც უნდა გაიზომოს სიგრძის ნაცვლად სხვა მიმართულებით).

 

4.1.12.  AVIA გზავნილი - გზავნილის სახეობა, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო გამავალი გზავნილის საქართველოში მიღებას და მის ჩაბარებას სხვა ქვეყანაში დაჩქარებულად შესაძლო მოკლე ვადებში, ხოლო მისი შიგთავსის დაზღვევა შესაძლებელია გამგზავნის მიერ გამოცხადებული, მაგრამ არა უმეტეს შიგთავსის რეალური ღირებულებით. დაზღვევის თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს 10 000 ლარს.

 

•    AVIA გზავნილის წონა: არ უნდა აღემატებოდეს 30კგ-ს.

•    AVIA გზავნილის ზომა დაიანგარიშება ფორმულით: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე: 5000

 

4.1.13.  ელექტრონული კომერციის გზავნილი - მცირე პაკეტი ან ამანათი, რომლის შიგთავსს წარმოადგენს ელექტრონული ვაჭრობის შედეგად შეძენილი ნივთი.

4.1.14. მარტივი გზავნილი  - საფოსტო გზავნილი (საფოსტო ბარათი,  წერილი (მათ შორის - ჰიბრიდული) და მცირე პაკეტი), რომელიც იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიუწერლად და ადრესატს ბარდება ხელმოწერის გარეშე.

4.1.15. რეგისტრირებული გზავნილი - საფოსტო გზავნილი (წერილობითი კორესპონდენცია  (გარდა საფოსტო ბარათისა) და ამანათი, რომელიც  ფოსტისთვის გადაცემისას რეგისტრირდება და ენიჭება მაიდენტიფიცირებელი ნომერი, იგზავნება თანმხლებ დოკუმენტებზე მიწერით და ადრესატს ბარდება ხელმოწერით.

4.1.16. დაზღვეული (ფასგამოცხადებული)  გზავნილი - რეგისტრირებული წერილი, მცირე პაკეტი ან ამანათი, რომელიც  იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული ფასგამოცხადების(დაზღვევის) თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. ფასგამოცხადების თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.

4.1.17. ადგილობრივი საფოსტო გზავნილი - საფოსტო გზავნილი, რომლის გაგზავნაც და ადრესატისთვის ჩაბარებაც  ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

 

4.1.18.  საერთაშორისო საფოსტო გზავნილი - საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით იგზავნება სხვა სახელმწიფოში ან/და მიიღება სხვა სახელმწიფოდან.

4.1.19.  საერთაშორისო გამავალი გზავნილი - საერთაშორისო საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით იგზავნება სხვა სახელმწიფოში.

4.1.20.  საერთაშორისო შემომავალი გზავნილი - საერთაშორისო საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიიღება სხვა სახელმწიფოდან.

4.1.21. მომხმარებელი - გამგზავნი და ადრესატი ერთობლივად ან ცალ-ცალკე.

4.1.22.  გამგზავნი - პირი, რომლის სახელითაც იგზავნება გზავნილი, პასუხისმგებელია მის შიგთავსზე და უფლებამოსილია მოითხოვოს გზავნილის მიმართ პირვანდელი დავალების შეცვლა (გზავნილის უკან დაბრუნება, გადამისამართება და ა.შ).

4.1.23.  გზავნილის წარმომდგენი - პირი, რომელიც გამგზავნის სახელით დამისამართებულ გზავნილს წარუდგენს შპს „საქართველოს ფოსტას“ გასაგზავნად.

4.1.24.   ადრესატი - პირი, რომლისთვისაც დამისამართებულია საფოსტო გზავნილი, აგრეთვე ადრესატის სახელით გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილი პირი, შპს „საქართველოს ფოსტის“ წესების შესაბამისად;

4.1.25.  ადრესატის მისამართი - მისამართი, რომელიც დატანილია საფოსტო გზავნილზე და მიუთითებს ადგილს, სადაც უნდა ჩაბარდეს იგი ადრესატს;

4.1.26.  პირი - ფიზიკური ან იურიდიული, აგრეთვე, ნებისმიერი სამართლებრივი წარმონაქმნი.

4.1.27.  კალენდარული დღე -დროის 24  საათიანი მონაკვეთი, 00.00 საათიდან 24.00 საათამდე.

4.1.28.  სამუშაო დღე – კალენდარული დღის 8-საათიანი, ხოლო შაბათს - 4-საათიანი ინტერვალი, გარდა კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღეებისა. ამასთან, სამუშაო დღის

დაწყებისა და დასრულების კონკრეტული საათები განისაზღვრება „საქართველოს ფოსტის“ შიდა დოკუმენტით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის როგორც ვებ-გვერდის საშუალებით, ასევე განთავსდება სერვისცენტრში - თვალსაჩინო ადგილას.

 

საერთაშორისო გამავალი საფოსტო გზავნილის ჩაბარების ვადების ათვლის მიზნით სამუშაო დღედ მიიჩნევა, 5-დღიანი სამუშაო კვირა (გარდა შაბათ-კვირისა), საფოსტო გზავნილის დანიშნულების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი სამუშაო დღის 8-საათიანი ინტერვალით, გარდა დანიშნულების ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებისა.

 

4.1.29.  ადმინისტრაციული ერთეული - შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ, საკუთარი საქმიანობის ოპერირების მიზნით, საქართველოს ტერიტორიის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) პირობითი დაყოფის შედეგად შექმნილი ერთეულები. ამასთან, თითოეული ერთეული შესაძლებელია აერთიანებდეს როგორც  მხოლოდ ქალაქს, ასევე ქალაქსა და სხვა ტიპის დასახლებას ერთობლივად.

4.1.30.  სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული - მესტიის, სტეფანწმინდის, დუშეთის, თიანეთის, ცაგერის, ლენტეხის ადმინისტრაციული ერთეულები.

4.1.31. SDR(სსუ) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი ფულადი ერთეული (სესხის სპეციალური უფლება) - რომლის ღირებულებაც აშშ დოლარში ყოველდღიურად განისაზღვრება ლონდონის ბირჟაზე დაფიქსირებული სავალუტო გაცვლითი კურსების შესაბამისად და სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

 
მუხლი 4. გამოყენებული ტერმინები