მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 10. ამანათის დამატებითი სერვისები
მუხლი 35. ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება

35.1. დამატებითი სერვისი „ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარების“ არჩევის უფლება აქვს როგორც გამგზავნს, ასევე ადრესატს, თუ ამანათის წონა არ აღემატება 10კგ-ს, შემდეგი კატეგორიის ამანათების მიმართ:

     ადგილობრივი რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ამანათი;

     საერთაშორისო შემომავალი რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) ამანათი;

       საერთაშორისო სახმელეთო ამანათი.

 

35.2. „ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“  გულისხმობს გამგზავნის შესაძლებლობას ისარგებლოს აღნიშნული სერვისით ადგილობრივი ამანათის გაგზავნისას,  მომსახურების ღირებულების წინასწარი  გადახდის გზით ან/და ადრესატის შესაძლებლობას - შეუკვეთოს ეს მომსახურება „საქართველოს ფოსტის“ ტელეფონით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდა განახორციელოს ამანათის მითითებულ მისამართზე  მიღების დროს.

35.3. კურიერის მიერ ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება პირობით „სტანდარტული“ ხორციელდება „საქართველოს ფოსტის“ მიერ ამანათის მიღებიდან არაუგვიანეს 2(ორი) სამუშაო დღისა, ხოლო თუ შეკვეთის შედეგად განხორციელდება ადრესატის პირველადი მისამართის ცვლილება, ასეთი შეკვეთის განხორციელებიდან 2(ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

35.4. კურიერის მიერ ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება პირობით „სასწრაფო“ ხორციელდება მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, შეკვეთის მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს.

35.5.     ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება  ხორციელდება ამ დოკუმენტის  13.1.1-13.1.7 ქვეპუნქტებით  განსაზღვრული წერილის ჩაბარებისათვის დადგენილი წესით. ადრესატი, რომელიც შეუკვეთეს დამატებით მომსახურებას - „ამანათის ადრესატის მისამართზე ჩაბარება“,  მაგრამ ვერ მიიღებს ასეთ მომსახურებას „საქართველოს ფოსტისგან“ დამოუკიდებელი მიზეზების გამო (არ დახვდა მისამართზე, არასწორად მიუთითა მისამართი და ა.შ.), ვალდებული იქნება ამანათის სერვისცენტრიდან გატანამდე გადაიხადოს „საქართველოს ფოსტის“ მიერ გაწეული დამატებითი მომსახურების საფასური.

35.6.     „საქართველოს ფოსტა“ არ ახორციელებს  ამანათის ადრესატის  მისამართზე ჩაბარების სერვისს, თუ სერვისცენტრში ამანათი  მიღებულია დაზიანებით, ის გახსნილია შემოსავლების სამსახურის მიერ ან ამანათის შიგთავსი ექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას.