მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 7. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 25. რეგისტრირებული ამანათის ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს ტერიტორიაზე

25.1. ამანათის ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, კურიერი შეტყობინებას - ადრესატის სახელზე ამანათის არსებობის შესახებ  ათავსებს ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება ხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილზე;

25.2. შეტყობინება ასევე ჩაბარებულად  ითვლება, თუ ის კურიერის მიერ გადაცემულია ადრესატის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს.

25.3. თუ კურიერი  ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ის შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება;

25.4. თუ   ამანათზე დატანილია ადრესატის ტელეფონის ნომერი, ამ მუხლის 25.1.- 25.3. პუნქტებით განსაზღვრული პროცედურების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მითითებულ ტელეფონის ნომერზე SMS შეტყობინების გაგზავნა. SMS შეტყობინების ტექსტი უნდა შეიცავდეს  ადრესატისთვის ინფორმაციას, თუ როდის და სად შეუძლია მას ამანათის  მიღება.

25.5.  ამანათის ადრესატისთვის ჩაბარება  ხორციელდება შეტყობინებაში მითითებულ სერვისცენტრში, ასეთი გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადაში   ადრესატს, მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან პირს რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ საბუთს) და ამანათის კოდს, უფლება აქვს გაიტანოს ამანათი სერვისცენტრიდან. ამასთან, დაზღვეული ამანათის  ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ ადრესატს ან მის რწმუნებულს, სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

25.6.  მოუკითხავი ამანათი,  რომელსაც გაუვა ამ მუხლის 25.5. პუნქტით აღნიშნული შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან. ამასთან, თუ ამანათის უკან დაბრუნება „საქართველოს ფოსტისთვის“ აუნაზღაურებელ  დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული, ასეთი ამანათი შესაძლოა არ დაბრუნდეს უკან და გადაეცეს სახელმწიფოს ან განადგურდეს.

25.7.  ის ამანათი, რომლის ჩაბარებაზეც  უარი განაცხადა ადრესატმა, აგრეთვე ადგილობრივი ამანათი, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც ვერ მოხერხდა, დაბრუნდება უკან დაუყოვნებლივ, გადაეცემა სახელმწიფოს ან განადგურდება შენახვის 30 - დღიანი ვადის დაუცველად.