მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი IV . ამანათი / თავი 7. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 24. რეგისტრირებული ამანათის მიღება/გაგზავნა

24.1. „საქართველოს ფოსტა“  ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით ახორციელებს შემდეგი რეგისტრირებული ამანათის მიღებას:

24.1.1.  სხვა სახელმწიფოს საფოსტო ადმინისტრაციებიდან მიიღება რეგისტრირებული, მათ შორის - დაზღვეული ამანათი;

24.1.2.  „საქართველოს ფოსტის“ მიერ სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად მომხმარებლისგან მიიღება საერთაშორისო რეგისტრირებული, მათ შორის -  დაზღვეული ამანათი;

24.1.3.  „საქართველოს ფოსტის“ მიერ მომხმარებლისგან ქვეყნის შიგნით გასაგზავნად მიიღება ადგილობრივი რეგისტრირებული, მათ შორის - დაზღვეული ამანათი.

24.2. საერთაშორისო შემომავალი  რეგისტრირებული  (მათ შორის დაზღვეული) ამანათის მიღებას ახორციელებს „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრი, რის შემდეგაც ხორციელდება მათი დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება ამ დოკუმენტით განსაზღვრულ ვადებში დადგენილი წესით.

24.3. გამგზავნი (გზავნილის წარმომდგენი) საერთაშორისო გამავალი, აგრეთვე ადგილობრივი რეგისტრირებული ამანათის  გაგზავნას ახორციელებს  „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრის ან კურიერის მეშვეობით. გასაგზავნად მიღებულ ამანათს „საქართველოს ფოსტა“ ანიჭებს  მაიდენტიფიცირებელ  კოდს და უთითებს მისი მიღების თარიღს.

24.4. გამგზავნს (გზავნილის წარმომდგენს) საერთაშორისო გამავალი ამანათის გაგზავნის საშუალება აქვს მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ დეკლარირებულ ქვეყნებში, ხოლო მათ შორის დაზღვეული (ფასგამოცხადებული) ამანათის გაგზავნის საშუალება აქვს იმ ქვეყნებში, რომელთა საფოსტო ადმინისტრაციებიც ეწევიან ამგვარ სერვისს. საერთაშორისო გამავალი დაზღვეული (ფასგამოცხადებული) ამანათის გაგზავნისას, ფასგამოცხადების თანხა არ უნდა აჭარბებდეს  დანიშნულების ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციის მიერ დადგენილი საფასურის ოდენობას.

24.5. ამანათი გამგზავნის მიერ შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის  შიგთავსს მსხვრევადი ნივთი წარმოადგენს,  მისი შეფუთვა ასევე უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშვნას ასეთის შესახებ. გამგზავნი ასევე ვალდებულია ამანათის შეფუთვაზე დაიტანოს სრული ინფორმაცია ადრესატის ვინაობისა და მისი ზუსტი მისამართის შესახებ. სასურველია გზავნილის შეფუთვა ასევე შეიცავდეს ინფორმაციას ადრესატის საკონტაქტო ტელეფონის შესახებ.

24.6. საერთაშორისო ამანათის გაგზავნისას გამგზავნმა უნდა გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს საქართველოში, ხოლო საერთაშორისო გამავალი საფოსტო გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში, ასევე, მიმღებ ქვეყანაში.