მომხმარებლის სახელმძღვანელო

კარი III . წერილობითი კორესპონდენცია / თავი 5. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა და ჩაბარება
მუხლი 13. რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარება საქართველოს ტერიტორიაზე

13.1. წერილის (მათ შორის - ჰიბრიდული და დაზღვეული წერილის) ადრესატისათვის ჩაბარება

13.1.1.  წერილის (მათ შორის - ჰიბრიდული და დაზღვეული წერილების) ჩაბარების მიზნით კურიერი ადრესატის მისამართზე ახორციელებს ერთჯერად ვიზიტს.

 

13.1.2.  თუ წერილი დამისამართებულია ფიზიკური პირისთვის და ის არ  არის დაზღვეული, შეიძლება ჩაბარდეს როგორც უშუალოდ ადრესატს, ასევე  ნებისმიერ სრულწლოვან  პირს, რომელიც დახვდება კურიერს ადრესატის მისამართზე და განაცხადებს, რომ ცხოვრობს/მუშაობს ადრესატთან ერთად. თუ წერილის ადრესატს 16 წლამდე არასრულწლოვანი პირი წარმოადგენს, მისი ჩაბარება ხორციელდება ამ მისამართზე მყოფი სრულწლოვანი პირისთვის.

 

13.1.3.  თუ წერილი არ არის დამისამართებული ფიზიკური პირისთვის და ამავე დროს არ არის  დაზღვეული, მისი ჩაბარება ხორციელდება კანცელარიაში ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულში, ან ის გადაეცემა ასეთ ორგანიზაციაში მომუშავე პირს. ამასთან, თუ წერილის ადრესატია ორგანიზაცია, რომლის მისამართადაც მითითებულია  საცხოვრებელი ბინა/სახლი, ასეთ მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი პირისათვის გადაცემული წერილი ითვლება სათანადო წესით ჩაბარებულად,  თუ ასეთი პირი კურიერს განუცხადებს, რომ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

 

13.1.4.  თუ წერილი დაზღვეულია და დამისამართებულია  ფიზიკური პირისათვის,  ის შეიძლება ჩაბარდეს მხოლოდ უშუალოდ ადრესატს.  ხოლო ორგანიზაციაზე დამისამართებული დაზღვეული წერილის ჩაბარება ხორციელდება კანცელარიაში, ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულში. თუ გზავნილის  ადრესატად ორგანიზაციის გარდა მითითებულია კონკრეტული პირი, ასეთი გზავნილის ჩაბარება შესაძლებელია  მხოლოდ უშუალოდ მითითებული პირისათვის ან კანცელარიისთვის, ხოლო თუ ორგანიზაციაში არ არსებობს ასეთი სტრუქტურული ერთეული, გზავნილი გადაეცემა კანცელარიის ფუნქციის მატარებელ სტრუქტურულ  ერთეულს/პირს.  თუ ორგანიზაციის მისამართად მითითებულია საცხოვრებელი ბინის/სახლის მისამართი, ხოლო ადრესატად მხოლოდ ორგანიზაციის დასახელება, ასეთ მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი პირისათვის გადაცემული დაზღვეული წერილი ითვლება სათანადო წესით ჩაბარებულად, ხოლო თუ ადრესატად  ორგანიზაციის დასახელების გარდა მითითებულია კონკრეტული პირი, დაზღვეული წერილი უნდა ჩაბარდეს  მხოლოდ უშუალოდ ამ კონკრეტულ პირს.

 

13.1.5.  წერილის (მათ შორის, ჰიბრიდულის და დაზღვეულის) ჩაბარება ხორციელდება გზავნილის მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ან პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი საბუთის) წარმოდგენისა და გზავნილის მიღების დასტურად მის მიერ სათანადო წესით ხელმოწერის განხორციელების შემდეგ.

 

13.1.6.  იმ შემთხვევაში, თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ან კურიერს არავინ დახვდება ადრესატის მისამართზე, ან პირი (თუ ის არ არის უშუალოდ ადრესატი) უარს განაცხადებს წერილის მიღებაზე, კურიერი დატოვებს შეტყობინებას, რომელშიც მიუთითებს საფოსტო სერვისცენტრის მისამართს, სადაც ადრესატს შეუძლია მიაკითხოს წერილს.

 

13.1.7.  კურიერის მიერ შეტყობინების დატოვება ხორციელდება იმ პირისათვის, რომელიც დახვდება მას ადრესატის მისამართზე  (თუ მისი ასაკი ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს). ყველა სხვა შემთხვევაში, კურიერი შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება.

 

13.1.8.  ის წერილები, რომლებზეც დატოვებულია შეტყობინება, ინახება სერვისცენტრში მისი  მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადაში ადრესატს,  მის მინდობილ პირს ან სრულწლოვან პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ  დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ საბუთს) და წერილის კოდს, უფლება აქვს გაიტანოს წერილი სერვისცენტრიდან. ამასთან, დაზღვეული წერილის სერვისცენტრში ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ ადრესატს ან მის რწმუნებულს, სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

 

13.1.9.  მოუკითხავი წერილი, რომელსაც გაუვა 13.1.8 პუნქტით აღნიშნული  შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან, ხოლო ჰიბრიდული წერილი განადგურდება, კომპანიაში არსებული წესის შესაბამისად.

 

13.1.10. ის წერილი, რომლის ჩაბარებაზეც  უარი განაცხადა ადრესატმა, აგრეთვე ადგილობრივი წერილი, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც ვერ მოხერხდა, დაბრუნდება უკან დაუყოვნებლივ, 13.1. 8. პუნქტში დადგენილი ვადის დაუცველად.

 

13.2.     მცირე პაკეტის (მათ შორის, დაზღვეული და ელექტრონული კომერციის მცირე პაკეტის) ადრესატისთვის ჩაბარება

 

13.2.1.  500გრ-მდე წონის მცირე პაკეტის (გარდა ელექტრონული კომერციის მცირე პაკეტებისა) ადრესატისთვის ჩაბარება

 

ა) 500გრ-მდე წონის (მათ შორის დაზღვეული) მცირე პაკეტის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ამ დოკუმენტის 13.1.1-13.1.7.  პუნქტით განსაზღვრული წერილის და დაზღვეული წერილის   ჩაბარებისათვის დადგენილი წესის იდენტურად.

ბ) ის 500გრ-მდე წონის (მათ შორის დაზღვეული) მცირე პაკეტი, რომელზეც დატოვებულია შეტყობინება, ინახება სერვისცენტრში, მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადაში ადრესატს,  მის მინდობილ პირს, ან სრულწლოვან პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის  დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ საბუთს) და მცირე პაკეტის კოდს, უფლება აქვს გაიტანოს მცირე პაკეტი სერვისცენტრიდან. ამასთან, დაზღვეული მცირე პაკეტის სერვისცენტრში ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ ადრესატს ან მის რწმუნებულს, სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

 

13.2.2.  500გრ-ზე მეტი წონის მცირე პაკეტის (მათ შორის დაზღვეული და ნებისმიერი წონის ელექტრონული კომერციის მცირე პაკეტის) ადრესატისთვის ჩაბარება

 

ა) 500გრ-ზე მეტი წონის მცირე პაკეტის (მათ შორის დაზღვეული და ნებისმიერი წონის ელექტრონული კომერციის მცირე პაკეტის) ჩაბარების მიზნით, კურიერი შეტყობინებას ადრესატის სახელზე მცირე პაკეტის არსებობის შესახებ  ათავ- სებს ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება ხდება ადრესატის კარზე,  ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილზე;

ბ) შეტყობინება ასევე ჩაბარებულად  ითვლება, თუ ის კურიერის მიერ გადაცემულია ადრესატის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს.

გ) თუ კურიერი ვერ ახერხებს შენობაში შესვლას,  სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ის შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება;

დ) თუ მცირე პაკეტზე  დატანილია ადრესატის ტელეფონის ნომერი, ამ პუნქტის ა) - გ)  ქვეპუნქტებით განსაზღვრული  პროცედურების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მითითებულ ტელეფონის ნომერზე SMS შეტყობინების გაგზავნა. SMS შეტყობინების ტექსტი უნდა შეიცავდეს  ადრესატისთვის ინფორმაციას, თუ როდის და სად შეუძლია მას მცირე პაკეტის მიღება.

ე) მცირე პაკეტის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შეტყობინებაში მითითებულ სერვისცენტრში, ასეთი გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ მიერ მი- ღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადაში    ადრესატს, მის მინდობილ პირს ან სრულწლოვან პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ  საბუთს) და მცირე პაკეტის კოდს, უფლება აქვს გაიტანოს მცირე  პაკეტი სერვისცენტრიდან. ამასთან, დაზღვეული მცირე  პაკეტის ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ ადრესატს, ან მის რწმუნებულს, სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

 

13.2.3.  მოუკითხავი მცირე პაკეტი, რომელსაც გაუვა 13.2.1. პუნქტის ბ) ქვეპუნქტითა და 13.2.2. პუნქტის ე) ქვეპუნქტით განსაზღვრული შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან. ელექტრონული კომერციის მცირე პაკეტი შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფოს ან განადგურდეს, თუ მისი უკან დაბრუნება შეუძლებელია ან მოითხოვს დამატებით დანახარჯს.

13.2.4.  ის მცირე პაკეტი, რომლის ჩაბარებაზეც  უარი განაცხადა ადრესატმა, აგრეთვე ადგილობრივი მცირე პაკეტი, რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც ვერ მოხერხდა, დაბრუნდება უკან დაუყოვნებლივ, გადაეცემა სახელმწიფოს ან განადგურდება შენახვის 30 - დღიანი ვადის დაუცველად.

13.3.     M ტომრის ადრესატისათვის ჩაბარება

13.3.1.  M ტომრის ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, კურიერი შეტყობინებას - ადრესატის სახელზე M ტომარას არსებობის შესახებ ათავსებს ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება ხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილზე;

13.3.2.  შეტყობინება ასევე ჩაბარებულად  ითვლება, თუ ის კურიერის მიერ გადაცემულია ადრესატის მისამართზე მყოფი ნებისმიერი პირისთვის, რომლის ასაკიც ვიზუალური შეფასებით აღემატება 16 წელს.

13.3.3.  თუ კურიერი  ვერ ახერხებს შენობაში შესვლას, სადაც უშუალოდ განთავსებულია ადრესატის მისამართი (ბინა, ოფისი და ა.შ.), ის შეტყობინებას ტოვებს იმ ადგილას, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა ადრესატის მისამართთან (მაგ. ადრესატის კარი, სადარბაზოს კარი გარედან და ა.შ.) ან თუ შენობას ჰყავს დაცვა, შესაძლებელია შეტყობინების მისთვის დატოვება;

13.3.4.  თუ M  ტომარაზე  დატანილია ადრესატის ტელეფონის ნომერი,  ამ  პუნქტის13.3.1.-13.3.3.  ქვეპუნქტებით განსაზღვრული  პროცედურების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებულ  იქნეს მითითებულ ტელეფონის ნომერზე SMS შეტყობინების გაგზავნა. SMS შეტყობინების ტექსტი უნდა შეიცავდეს ადრესატისთვის ინფორმაციას, თუ როდის და სად შეუძლია მას M ტომარას მიღება.

13.3.5.  M ტომრის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება შეტყობინებაში მითითებულ სერვისცენტრში, ასეთი გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ მიერ მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადაში   ადრესატს, მის მინდობილ პირს ან სრულწლოვან პირს, რომელიც საკუთართან ერთად წარმოადგენს ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (ან მის სხვა მაიდენტიფიცირებელ საბუთს) და M ტომრის კოდს, უფლება აქვს გაიტანოს M ტომარა სერვისცენტრიდან. ამასთან, დაზღვეული M ტომრის ჩაბარების უფლება აქვს მხოლოდ ადრესატს, ან მის რწმუნებულს სათანადო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.

13.3.6.  მოუკითხავი M ტომარა, რომელსაც გაუვა ამ პუნქტის 13.3.5. ქვეპუნქტით აღნიშნული შენახვის ვადა, დაბრუნდება უკან.

13.3.7.  ის  M ტომარა, რომლის  ჩაბარებაზეც   უარი განაცხადა ადრესატმა, აგრეთვე ადგილობრივი M ტომარა,  რომლის მისამართის ან/და ადრესატის მოძიებაც ვერ მოხერხდა, დაბრუნდება უკან დაუყოვნებლივ, გადაეცემა სახელმწიფოს, ან განადგურდება შენახვის 30 - დღიანი ვადის დაუცველად.